ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და მისგან მომავალი საფრთხე

Image

 

საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აქტუალური გახდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საკითხი. წინასაარჩევნო პერიოდში თვალშისაცემი იყო სასულიერო პირთა არნახული პოლიტიზება, რამაც გარკვეულწილად განაპირობა არჩევნების შედეგები. წინამდებარე პუბლიკაციის მიზანია, წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვა ეკლესიის, მისგან მომავალი საფრთხეებისა და მათი ნეიტრალიზაციის გზების შესახებ.

წინდაწინ გვსურს აღვნიშნოთ, რომ სტატიის ავტორს არ გააჩნია შესაბამისი განათლება და  ჩვენ თავს ვიკავებთ თეოლოგიური საკითხების განხილვისგან. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხზე საკმაოდ ბევრი ჩვენზე კომპეტენტური პირი მუშაობს და იმუშავებს მანამ, ვიდრე იარსებებს რელიგია. ასევე გვსურს საგანგებოდ აღვნიშნოთ და დადებითად შევაფასოთ ის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ღირსეული სასულიერო პირები, რომელნიც დღესაც მოღვაწეობენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

პრობლემის თავი და თავი რუსეთის ფედერაცია და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიაა. ახალი რუსული საგარეო პოლიტიკის დოქტრინის ავტორი, ალექსანდრე დუგინი თავის ნაშრომებში მუდამ აღნიშნავს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის როლს რუსეთის საგარეო ექსპანსიის საკითხში. მისი აზრით, რუსეთი უნდა გახდეს დომინანტი სახელმწიფო მართლმადიდებლურ სამყაროში. იგი აგრეთვე იზიარებს მისი წინამორბედების (ვ. იკონიკოვი, ფილოფე ბერი და სხვები) მიერ შემუშავებულ „მესამე რომის“ თეორიას.

თავისმხრივ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ყველა ეპოქაში, მათ შორის კომუნისტური ათეიზმის პერიოდში წარმოადგენდა სახელმწიფო მანქანის დანამატს. მისი მეშვეობით, ხორციელდებოდა რუსეთის საგარეო ექსპანსია, რაც კარგად ჩანს XIX საუკუნის საქართველოში რუს ეგზარქოსთა მოქმედებაში. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია დღესაც განაგრძობს ასეთ პოლიტიკას, რისი თვალსაჩინო მაგალითიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი მტეცებლური მოღვაწეობაა.

რაც შეეხება საქართველოს არაოკუპირებულ რეგიონებს, ბუნებრივია რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას და მასთან ერთად რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინტერესები გააჩნიათ. იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ეკლესია საკმაოდ სენსიტიური საკითხია და ქართულ სპეცსამსახურებსა და ძალოვან უწყებებს არ ეძლევათ ქართული ეკლესიაში  ფართომაშტაბიანი ოპერატიული საქმიანობის წარმოების საშუალება, იგი სასათბურე პირობებს ქმნის რუსეთის სპეცსამსახურებს ახალი ქსელების შექმნაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეწ „ზილების საქმეში“ ყინწვისის მონასტერიც ფიგურირებდა, თუმცა არცერთი სასულიერო პირი არ იქნა დასჯილი.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან შეიძლება გამოვყოთ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიში შემდეგი ტენდენციები:

  1. იმ ფონზე, როცა რამდენიმე საუკუნეა, რაც ქართულ ენაზე არ შექმნილა სრულყოფილი თეოლოგიური ნაშრომი, დღევანდელი ქართველი სასულიერო პირებისა და მრევლის მთავარი საზრდოა რუსულ ენაზე შექმნილი სასულიერო ლიტერატურა, რომელიც გამსჭვალულია „მესამე რომისა“ და „ერთმორწმუნეობის“ თეორიებით.
  2. ქართველი სასულიერო პირების მხრიდან შეინიშნება ღია ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელიც გამოიხატება მრევლში ევროატლანტიკური კურსისა და დემოკრატიული ფასეულობების დემონიზაციაში. აგრეთვე, ცრუარგუმენტების მოხმობით ხდება სხვადასხვა ტექნოლოგიური ინოვაციების (ID ბარათი, ინტერნეტი და სხვა) არამართლმადიდებლურად გამოცხადება.
  3. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დიდი ხანია, რაც იქცა ქურდული ტრადიციების მატარებელთა ნავსაყუდლად. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას გადარჩენილმა შავი სამყაროს წარმომადგენლებმა სხვადასხვა ფორმით თავი შეაფარეს ქართულ ეკლესიას. „სავლედან პავლედ“ გარდასახვის პროცესში, ბევრი მათგანი სასულიერო პირიც კი გახდა, თუმცა ამავდროულად ეკლესიაში მოხდა კრიმინალური და ეწ „ბირჟის“ ფსიქოლოგიის იმპორტი, რაც განსხვავებული აზრის მიუღებლობასა და აგრესიაში გამოიხატება.
  4. ქართველი სასულიერო პირების და მათ მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციების (მაგალითად მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი) რიტორიკაში შეინიშნება მკაფიოდ გამოხატული შოვინისტური და ქსენოფობიური რიტორიკა. აქამდე ჩვენ არაერთხელ გავხდით ანტიკათოლიკური, ანტისომხური და ანტიმუსლიმური გამოსვლების მომსწრენი. ყველა ეს პროცესი 2012 წლის შემდგომაზე სოფელ ნიგვზიანისა და წინწყაროს მოვლენებით დაგვირგვინდა.
  5. 2003 წლიდან სახელმწიფოს მხრიდან დაახლოებით 20-ჯერ გაზრდილი საპატრიარქოს დოტაცია ქართულ ეკლესიას დიდი თანხის არამიზნობრივი ათვისებისა და კორუფციის დიდი კერად აქცევს. ეკლესიისთვის გამოყოფილი დაახლოებით 25 მილიონი ლარი ვერ უზრუნველყოფს მის სახელმწიფოსადმი ლოიალურობას. სხვადასხვა ეპარქიებში თანხების არათანაბარი გადანაწილება, არაჯანსაღ კონკურენციას წარმოშობს.

ერთობლიობაში, ყველა ეს ფაქტორი მრევლის სახით წარმოშობს მძლავრ და ორგანიზებულ ანტისახელმწიფოებრივ სეგმენტს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სასულიერო პირთა დიდი ნაწილი სულაც არ ზრუნავს მრევლის რელიგიური განთლების ამაღლებაზე, არამედ ახდენს თავის სამწყსოში კონკრეტული ინფორმაციის კოდირებას, რაც აყალიბებს მრევლის ფსიქოტიპს.

უდავოა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების მოსვლაში ეკლესიამ ლომის წილი შეიტანა. თუმცა, დღევანდელ მთავრობას გააჩნია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის რეფორმირებისა და შესაბამისად მისი გაძლიერების უნიკალური შანსი. რეფორმირება არ გულისხმობს რაიმე სახის დოგმატურ ან სარიტუალო სახის ცვლილებას, არამედ იგი პირველ რიგში მოიაზრებს ეკლესიის და სახელმწიფოს არსებული ურთიერთობის გადახედვასა და ეკლესიის ფუნქციის შეცვლას. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი სუბიექტური ხედვა გაგვაჩნია:

  1. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მკაცრად უნდა გაემიჯნოს ხელისუფლებასა და მოახდინოს პოლიტიკური პროცესებისგან სრული დისტანცირება.
  2. ქართული სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს ეკლესიისთვის გამოყოფილი დოტაციის ეტაპობრივი შემცირება, არსებული  დოტაციის ისტორიული ძეგლის სტატისის მქონე ეკლესია-მონასტრების აღდგენა-რეაბილიტაციაში მოხმარება და ყველა ამ საქმიანობის მკაცრი ფინანსური კონტროლი. საბოლოო მიზანი, ეკლესიის თვითდაფინანსებაზე გადასვლა უნდა იყოს.
  3. რუსეთის სპეცსამსახურების ქსელების შექმნის პრევენციის მიზნით,  ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მკაცრი კონტროლი საქართველოს ძალოვანი უწყებების მხრიდან.
  4. რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულის სრული ლუსტრაცია და ამ პროცესებთან მებრძოლი ქართველი სასულიერო პირების მოღვაწეობის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა და მრგვალი თარიღების (მაგალითად იმერეთის საეკლესიო აჯანყება, რომელიც 1819-1820 წლებში რუსეთ-საქართველოს ომში გადაიზარდა) პომპეზური აღნივნა.
  5. სხვა კონფესიებთან ღია კონფრონტაცია შეიცვალოს მათთან კონსტრუქციულ თეოლოგიური დისკუსიით. სასურველია ამ ტიპის დისკუსიების პერმანენტული სახით ჩატარება და მასში მხოლოდ თეოლოგიური განათლების მქონე პირთა მონაწილეობა. აგრეთვე პრობლემის ბოლომდე აღმოსაფხვრელად, აუცილებელია მართლმადიდებლური ეკლესიის კუთვნილებაში აღმოჩენილი გარკვეული ტაძრების შესაბამის კონფესიების წარმომადგენელთათავის უკან გადაცემა.
  6. სასულიერო პირთა და თეოლოგთა შორის თეოლოგიური ცოდნის ამაღლების მიზნით, ახალგარზდა თაობის დასავლეთის სასულიერო სასწავლებლებში მივლინება. აგრეთვე, რუსული გავლენის ბოლომდე აღმოფხვრის მიზნით,  ბერძნულ, ლათინურ, კოპტურ, ინგლისურ და სხვა ენებზე დაწერილი მნიშვნელოვანი თეოლოგიური ნაშრომების ქართულ ენაზე და მათი ფართო ტირაჟირება.
  7. რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისგან დისტანცირების მიზნით, სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების მსგავსად გრიგორიანულთან მიახლოებულ განახლებულ იულიანურ კალენდარზე გადასვლა.

ჯერჯერობით არც ეკლესიისგან და არც საქართველოს ხელისუფლებისგან არ არსებობს რაიმე ცვლილების ნება. თუმცა, ეკლესიის მესვეურებს უნდა ახსოვდეთ, რომ წლების მანძილზე ეკლესიის მაღალი რეიტინგი განაპირობა იმან, რომ ეკლესია ცდილობდა ქართულ საზოგადოებაში მედიატორის როლის თამაშს. ხელისუფლებისა და ეკლესიის სიმბიოზი კი ეკლესიას მედიატორის ფუნქციას ართმევს და იგი იქცევა პოლიტიკურ პროცესების ერთ-ერთ მხარედ. ყველაფერი ეს გამოიწვევს ეკლესიის ნდობის არნახულ ვარდნას და უარეს შემთხვევაში, მის მარგინალიზაციას, რაც არც თავად ეკლესიის და არც ქართული სახელმწიფოს ინტერესებში ნამდვილად არ შედის.

ვოლგისპირეთი – ახალი ცხელი წერტილი რუსეთში

Image

19 ივლისს თათარსტანში განხორციელდა თავდასხმა რესპუბლიკის სულიერ ლიდერზე ილდუს ფაიზოვზე და მის მოადგილე ვალიულა იაკუპოვზე, რომელიც დასრულდა ილდუს ფაიზოვის დაჭრითა და ვალიულა იაკუპოვის სიკვდილით. ამ დღიდან მოყოლებული, რუსეთის ფედერაციაში გაჩნდა კიდევ ერთი ცხელი წერტილი ვოლგისპირეთის სახით.

ვოლგისპირეთში მოიაზრება რუსეთის ფედერაციაში შემავალი თათარსტანის, ბაშქორტთოსტანის  (ბაშკირეთის) რესპუბლიკები და მათი მიმდებარე ტერიტორიები. ორივე რესპუბლიკა თურქულენოვანი ისლამის მიმდევარი თურქულენოვანი ხალხებით, ბაშკირებით და თათრებით არის დასახლებული. ამ ორი სუბიექტის რუსეთთან ინკორპორაცია სხვადასხვა გზით მოხდა. თუკი ბაშკირეთი 1557 წელს ნებაყოფლობით შევიდა რუსეთის შემადგენლობაში, ყაზანის სახანო (თანამედროვე თათარსტანი) კი 1552 წლის სისხლიანი ყაზანის ალყის შედეგად რუსეთის მეფის, იოანე მრისხანის მიერ იქნა ანექსირებული. ბუნებრივია, ყველა ეს მოვლენა სათანადოდ არის ასახული ბაშკირთა და თართა ისტორიულ მეხსიერებაში.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ვოლგისპირეთის რესპუბლიკებში აქტიურად დადგა თვითგამორკვევის საკითხი. განსაკუთრებით, სუვერენიტეტის გამოცხადების საკითხი თათარსტანის რესპუბლიკაში იდგა. 1991 წლის 21 მარტს რესპუბლიკაში ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა რესპუბლიკის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. ჩეჩნეთის ომის შემდეგ (ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიამაც აღნიშნული კონსტიტუციური უფლებით ისარგებლა) თათარსტანში სეპარატისტული ტენდენციები შენელდა და საბოლოოდ 2000 წელს თათარსტანი რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა, თუმცა ფართო ავტონომიური უფლებები მიიღო. ყველას ახსოვს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივით 2005 წელს ქალაქ ყაზანის 1000 წლის იუბილეზე მისი სრული რესტავრაცია, ყაზანის მუნიციპალური მეტროპოლიტენის გახსნა და სხვა მრავალი პომპეზური ღონისძიება. აგრეთვე, თათარსტანის რესპუბლიკის ერთ-ერთი წარმატებული მოხელე რაშიდ ნურგალიევი დაწინაურებულიქნა და დაინიშნა რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრად.

ერთი შეხედვით, რესპუბლიკას არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. 2007 წელს კავკასიის საამიროს მეთაურმა დოკუ უმაროვმა განაცხადა, რომ მისი მიზანი არა მხოლოდ ჩრდილო კავკასიის, არამედ იდელ ურალის[1] და ციმბირის რუსი ოკუპანტებისგან განთავისუფლებაა. მაშინ ეს მიმართვა არავინ არ აღიქვა სერიოზულად. თუმცა,მთელი ეს პერიოდი გამალებით მიდიოდა მზადება ვოლგისპირეთის ფრონტის გასახსნელად, რაც საბოლოოდ თათარსტანის სულიერ ლიდერზე თავდასხმით დასრულდა.

დღეს ვოლგისპირეთში რუსეთთან კონფრონტაციაში მყოფი ძალა არსებობს: სალაფიტური (ეწ ვაჰაბიტური) ჯამაათები, რუსეთის ფედერაციაში აკრძალული პარტია „ჰიზბ უთ-თაჰრირ ალ-ისლამი“[2] და ადგილობრივი ნაციონალისტები. სამივე ძალა ემსახურება ვოლგისპირეთის თურქულენოვანი ხალხებით დასახლებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციიდან გამოყოფას.

ამ სამთაგან მთავარ დამრტყმელ ძალას სალაფიტები შეადგენენ. წლების მანძილზე, ისინი იატაკქვეშეთში იმყოფებოდნენ და აქტიური პროზელიტიზმის გზით ახდენდნენ მომხრეთა რაოდენობის ზრდას. სალაფიტთა მთავარი ფორტპოსტი იყო ქალაქ ნაბერეჟნი ჩელნიში მდებარე მეჩეთი „თაუბა“, რომელში მოღვაწე სასულიერო პირებმაც სხვადასხვა დროს მიიღეს ისლამური განათლება ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებში. ვოლგისპირელ სალაფიტთა ბაზაზე შეიქმნა შეიარაღებული ფორმირება „ჯამაათ ბულგარი“, რომელიც მონაწილეობას იღებდა ავღანეთის ომში თალიბანის მხარეს პაკისტანის პროვინცია ვაზირისტანში. იქვე, „ჯამაათ ბულგარის“ წევრები პაკისტანელი და არაბი ინსტრუქტორების მეთვალყურეობით გადიოდნენ ინტენსიურ სამხედრო წვრთნებს. ბუნებრივია, ამ ყველაფრის მიზანი ცხელ წერტილებში დაგროვებული გამოცდილების საკუთარ სამშობლოში რეალიზება იყო. რეალიზება, კი ვოლგისპირეთის ტერიტორიაზე იმარატ ბულგარის შექმნა იყო. დამოუკიდებელი ისლამური იატაკქვეშა მოძრაობის დაანონსება მოხდა ვინმე ამირ მუჰამედის მიერ. ასევე, იმარატ ბულგარის წარმომადგენლებმა ვებგვერდ კავკაზცენტრზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში წარმოადგინეს სამოქმედო გეგმა, რომელიც მთელი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გაზსადენების, ნავთობსადენები, ქიმიური ქარხნებისა და ელექტრო გადამცემი ხაზების წყობიდან გამოყვანას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ ვოლგისპირელი სალაფიტები აქტიურად ცდილობენ რეგიონში მცხოვრები ეთნიკური რუსების ისლამში კონვერტაციას მათი ჯიჰადში ჩართვის მიზნით. ბოლო წლებში თათარსტანისა და ბაშკირეთის ტერიტორიაზე ფიქსირდება მეამბოხეთა და ძალოვანთა შეტაკების არაერთი ფაქტი.

სალაფიტთა შემდეგ, მეორე მნიშვნელოვან ძალად მოიაზრება იატაკქვეშა პარტია „ჰიზბ უთ-თაჰრირ ალ-ისლამი“. პარტიის იდეოლოგია ბევრ ასპექტში თანხვედრაში მოდის დღევანდელი ეგვიპტის მმართველი პარტიის, „ალ-იჰვან ალ-მუსლიმუნის“[3] მსოფლმხედველობასთან, რომელიც ითვალისწინებს გლობალური ისლამური სახელმწიფოს (ხალიფატის) ჩამოყალიბებას მშვიდობიანი გზით. ბევრ ევროპულ სახელმწიფოში აღნუშნული პარტია ლეგალურად არსებობს და პერმამენტულ კონგრესებსაც კი მართავს, თუმცა რუსეთის ფედერაციაში ის ექსტრემისტულ პარტიათა სიაშია შესული. პარტია პოპულარულია თათარსტანსა და ბაშკირეთში. მისი აქტიური მიმდევარია ცნობილი თათარი მწერალი და საზოგადო მოღვაწე აიდარ ჰალიმი. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური „ჰიზბ უთ-თაჰრირ ალ-ისლამის“ მიმდევრების წინააღმდეგ პერმამენტულ სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს. მათგან ყველაზე გახმაურებულია 2008 წელს ბაშკირეთში, თათარსტანსა და ეთნიკური თათრებით დასახლებული ჩელიაბინსკისა და კურგანის ოლქებში პარტიის 31 აქტივისტის დაკავებაა.

რაც შეეხება თათარ და ბაშკირ ნაციონალისტებს, მათგან შეიძლება გამოვყოთ ორგანიზაციები „აზათლიქ“ და „ქუქ ბურე“. ვოლგისპირელი ნაციონალისტები ემხრობიან რეგიონის რუსეთის ფედერაციიდან გასვლას. ისინი აგრეთვე ვოლგისპირეთის არამუსლიმურ რესპუბლიკების ხალხებში – მარიელებში, მორდოველებში, უდმურტებსა და ჩუვაშებში სეპარატიზმის გაღვივებას. ვოლგისპირელ ნაციონალისტებს სოლიდარობას უცხადებენ სხვადასხვა თურქულენოვან სახელმწიფოებში მყოფი პანთურქისტული ორგანიზაციები, პირველ რიგში კი თურქეთის ნაციონალისტური ორგანიზაცია „რუხი მგლები“. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ განსხვავებით ჩრდილო კავკასიისგან, ვოლგისპირეთში არ შეინიშნება ანტაგონიზმი სალაფიტებსა და ნაციონალისტებს შორის. პირიქით, 90-იან წლებში თათრული და ბაშკირული ეროვნული მოძრაობების ლიდერები, დღეს სალაფიტური იდეოლოგიის მატარებლები არიან. ასეთი სიმბიოზი ვოლგისპირეთის სეპარატისტულ მოძრაობას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.

ცალკე განხილვის თემაა ვოლგისპირეთის რესპუბლიკების ამჟამინდელი მმართველი ელიტები. თუკი ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის მმართველობა ჩამჯდარია რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიულ მეინსტრიმში, თათარსტანის რესპუბლიკას სხვა ფედერაციის სუბიექტებთან შედარებით გაცილებით ფართო უფლებები გააჩნია. თათარსტანის ამჟამინდელი მმართველი მინტიმერ შაიმიევი დიდ ყურადღებას აქცევს თათრული ენის სოციო-ლინგვისტური სტატუსის განმტკიცებას, ეროვნული ტრადიციებისა და კულტურის განვითარებას, რაც ბუნებრივია თათრებში ეროვნული თვითშეგნების ზრდას იწვევს. ამას ყველაფერს ემატება ეთნიკურ თათართა მაღალი შობადობა. გარდა ყველა ამ ფაქტორისა, თათარსტანის რესპუბლიკაში მოიპოვება ნავთობი და განლაგებულია მსხვილი ინდუსტრიული საწარმოები, ისეთები, როგორც მაგალითად КАМАЗ. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მოსალოდნელია თათარსტანის პოლიტიკური ელიტის ეტაპობრივი დისტანცირება რუსეთის ფედერალური ცენტრისგან.

რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ რეგიონში დენთის კასრის არსებობა არის კრემლისათვის ახალი თავის ტკივილი. კრემლში შემუშავებული ეწ „სუვერენული დემოკრატიის“ იდეოლოგიის არაეფექტურობა სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება სეპარატისტული ტენდენციების განვითარების ფონზე და ეს პრობლემები უფრო თვალსაჩინო გახდება, ვოლგისპირეთში მზარდი სეპარატისტული ტენდენციების ზრდის ფონზე, მითუმეტეს მაშინ, როცა აღნიშნულ რეგიონში ჩრდილო კავკასიაზე გაცილებით მეტი ბუნებრივი და ადამიანური რესურსი არსებობს.


[1] იდელ ურალი (آيدل-الأورال) – ვოლგისპირეთის არაბული სახელწოდება

[2] ჰიზბ უთ-თაჰრირ ალ-ისლამი (وهو حزب التحرير الإسلامي) – ისლამური განთავისუფლების პარტია

[3] ალ-იჰვან ალ-მუსლიმუნ (الإخوان المسلمون) – „მუსლიმთა საძმო“

ლუმპენ-პროლეტარიატი საქართველოში

 Image

საქართველოში ჩატარებული 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აქტუალური გახდა საქართველოში ლუმპენ-პტოლეტარიატის საკითხი. დღემდე არ ჩატარებულა სრულფასოვანი სოციოლოგიური კვლევა, სადაც ასახული იქნება საქართველოში ლუმპენ-პროლეტარიატის ხვედრითი წილი, წარმოქმნის მიზეზები და მისი როლი საზოგადოებრივ პროცესებში. ერთი რამ ცხადია, ლუმპენპროლეტარიატის ზრდა  საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ქვეყნის სუვერენიტეტს.

ტერმინი ლუმპენ-პროლეტარიატი (გერმ. lumpen „ძონძები“) პირველად კარლ მარქსმა შემოიღო. ამ ტერმინით იგი საზოგადოების მარგინალურ ფენებს აღნიშნავდა. საზოგადოდ მიღებული განმარტების მიხედვით, ლუმპენი ეწოდება სოციალური ფესვისა და ზნეობრივი კოდექსის არმქონე დეკლასირებულ ელემენტებს, რომელთაც არ გააჩნიათ კერძო საკუთრება და არსებობენ არასტაბილური შემთხვევითი შემოსავლების ხარჯზე. სხვადასხვა სახელმწიფოში, ლუმპენ-პროლიტარიატის პრობლემა სხვადასხვაგვარად დგას. ევროპულ სახელმწიფოებში აღნიშნულ კლასს განვითარებადი ქვეყნებიდან მიგრირებული პირები წარმოადგენენ, რომელთა დიდი ნაწილიც არ არის დაკავებული ფიზიკური შრომით და თავს ირჩენს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სოციალური დახმარების ხარჯზე. რუსეთის ფედერაციში ლუმპენ-პროლეტარიატის მკაფიოდ გამოხატულ მაგალითს წარმოადგენენ ეწ „ბომჟები“. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში დასავლეთის ქვეყნებში გაჩნდა ასევე ჰიპებისა და პანკების სუბკულტურა, თუმცა აღნიშნულ სუბკულტურას გარდამავალი და პერიოდული ხასიათი ჰქონდა და დღეს იგი ფრაგმენტული სახით არსებობს.

დღეს საქართველოში ორი სახის ლუმოპენ-პროლიტარიატის გამოყოფა შეიძლება – ურბანულის და პროვინციულის. ურბანულ ლუმპენ-პროლეტარიატის ძირითადი მასა არიან ქურდული მენტალიტეტის მატარებელი პირები. ვინაიდან, ქურდული ტრადიციების მთავარი ქვაკუთხედია ყველაფერი სახელმწიფოებრივის და ლეგალურის უარყოფა, მისი მიმდევარი პირების სახეთ საქართველო შენელებული მოქმედების ნაღმზე ზის. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ შესძლო ყველა კანონიერი ქურდისა წონადი კრიმინალური ავტორიტეტის დაპატიმრება და ქვეყნიდან გაძევება, საქართველოში დარჩა მათ მიმდევართა მთელი არმია. მათი უდიდესი ნაწილი წლების მანძილზე არ (უფრო სწორედ ვერ) არღვევდა კანონს და მთელი ეს წლები დაკონსერვებულ და პასიურ მდგომარეობაში არსებობდა. მათი თავშეყრის ადგილებზე (ეწ „ბირჟებზე“) მუდამ მიდიოდა სხვადასხვა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი მოვლენის განხილვა, რათქმაუნდა ქურდული ტრადიციების კონტექსტში. და ეს ყველაფერი ხდებოდა ალკოჰოლის მიღებისა და სხვადასხვა აზარტული თამაშების (ტოტალიზატორი, სლოტ-კლუბი, ეწ „ხელზე გამაზვა“) ფონზე. „ბირჟაზე“ დამუშავებული ინფორმაცია სწრაფად ვრცელდებოდა მთელს ქალაქში და ხშირ შემთხვევაში, მასმედიაშიც კი ხვდებოდა.

ლუმპენ-პროლეტარიატის მეორე, ანუ პროვინციული ტიპი კი საბჭოთა სისტემის ნანგრევებზე წარმოიქმნა. მისი წარმოქმნის მიზეზია სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია და ეწ „განკულაკება“. ამ პროცესების შედეგად წარმატებულ და მდიდარ გლეხებს წაერთვა ქონება და ისინი გაუთანაბრდნენ ნაკლებად წარმატებულ გლეხებს. შემდეგ კი მოხდა სოფლის მეურნეობათა კოლექტივიზაცია და მისი მოსკოვის დოტაციაზე გადაყვანა. საბჭოთა სისტემის მოშლის შემდეგ, შეწყდა მოსკოვიდან დოტაციური ტრანსფერებიც, რომლის გარეშე დარჩენილმა კოლმეურნეობებმა ვერ გაუწიეს კონკურენცია კაპიტალისტური სახელმწიფოებიდან იმპორტირებულ პროდუქციას დაიწყო მათი გაკოტრების პროცესი. ამ პროცესებმა ქართულ სოფლებში წარმოშვა ჭარბი მუშახელი. ამას დაემატა მცირემიწიანობის და მსხვილი ფერმების სიმცირის პრობლემაც. თუკი აშშ-ში საშუალოსტატისტიკური ფერმერი საკუთრებაში ფლობს 69 ჰექტარ მიწის ფართობს, საქართველოს შემთხვევაში ეს რიცხვი 1 ჰექტარს უდრის. ქვეყანაში სოფლის მეურნეობის არარენტაბელურობის გამო, სოფლად დარჩენილი მოსახლეობის დიდ ნაწილს ნიჰილისტური დამოკიდებულება გაუჩინა, რაც გახდა სოფლად ალკოჰოლიზმის მასიურობის მიზეზი. შედეგად, ლუმპენიზებული სოფლის მოსახლეობა, მსგავსად ქალაქისა იკრიბება ეწ „ბირჟებზე“, სადაც ხდება ამა თუ იმ აქტუალური პრობლემის განხილვა სოციალისტურ ჭრილში. სასაუბრო თემებში ჭარბობს საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგია და სახლემწიფოსადმი ნიჰილისტური განწყობა. მსგავსად ქურდული სამყაროსა, პროვინციული ლუმპენ-პროლეტარიატსაც შეუძლია წლები იარსებოს პასიურ და დაკონსერვებულ მდგომარეობაში. თუმცა, განსხვავებით ქურდული სამყაროსგან, სოფლის ლუმპენპროლიტარიატი ზეგავლენას ახდენს შეიარაღებულ ძალებზე. ვინაიდან, ქართული ჯარის ლომის წილი სოფლებიდან წამოსულ ჯარისკაცებზე მოდის, ხშირ შემთხვევაში ჯარში ხდება სოფლის „ბირჟაზე“ დამუშავებული ინფორმაციისა და ნიჰილისტური პათოსის გავრცელება.

ლუმპენ-პროლეტარიატის (როგორც ურბანულის, ასევე პროვინციულის) დიდი კონცენტრაცია არის ეკლესიაში. ხშირ შემთხვევაში, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის საკვირაო წირვა „ბირჟის“ ფუნქციას ასრულებს. ქურდული სამყაროს წელში გადატეხვის შედეგად, გახშირდა ეწ „სავლედან პავლეს“ ტრანსფორმაციის პრეცედენტებიც, როდესაც ქურდული ტრადიციების მიმდევარი პირები ხდებიან საეკლესიო მსახურები. მღვდელმსახურთა დაბალი თეოლოგიური განათლებისა და მათი ლუმპენ-პროლეტარიატისადმე თანაგრძნობის ფონზე, დღეს ეკლესია არის ქცეული აღნიშნული კლასის თავშესაფრად და საჭიროების შემთხვევაში, მისი მობილიზაციის მნიშვნელოვან პუნქტად.

ლუმპენ-პროლიტარიატს გააჩნია ერთი დამახასიათებელი თვისება. პოლიტიკურ პროცესებში იგი ყოველთვის ემხრობა მემარცხენე შეხედულების მქონე პოლიტიკურ ძალას. ლუმპენთა ამ თვისებას კარგად იყენებენ ევროპელი მემარცხენე ლიდერები და საკუთარი პოტენციური ელექტორატის ზრდის მიზნით, ყოველმხრივ ხელს უწყობენ განვითარებადი ქვეყნებიდან მიგრანტების შემოდინებას. 2012 წლამდე ჩატარებულ ყველა არჩევნებს ლუმპენ-პროლეტარიატი ნიჰილიზმით უყურებდა. თუმცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა ლუმპენ-პროლეტარიატის არნახული მობილიზაცია. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია გლდანის მე-8 საპყრობილის ერთი მსჯავრდებულის შეძახილი „ჩვენი ბიძა მოვა და გვიშველის“. საბოლოო ჯამში, ლუმპენთა მხარდაჭერა გადამწყვეტი აღმოჩნდა.

გარდა ამ თვისებისა, ლუმპენ-პროლეტარიატს გააჩნია კიდევ ერთი უარყოფითი თვისება. იგი მზად არის მიემხროს იმ ძალას, რომელსაც გააჩნია რეალური ძალაუფლება. საქართველოს პირობებში, ასეთ ძალად ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლოა იქცეს რუსეთის საკუპაციო არმია, რაც დამატებითი ნაღმია ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. საქართველოს ისტორიაში ასეთი მაგალითი ექსტრემისტული ორგანიზაცია „მხედრიონის“ მიერ ლუმპენ-პროლეტარიატის მობილიზების და რუსი გენერალ ბალტინის მიერ გადასროლილი რუსული ჯარის მხარდაჭერის სახით გაგვაჩნია.

ლუმპენ-პროლეტარიატის სრული განადგურება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მისი პროცენტული რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება. ამისათვის აუცილებელია ქურდულ ტრადიციებთან ბრძოლაში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გაგრძელება და ქალაქების სკოლებში კონტროლის გამკაცრება. ამ ღონისძიებების შედეგად 30-40 წელიწადში შესაძლებელია საქართველოშ ქურდული სამყაროს, როგორც კლასის განადგურება. რაც შეეხება პროვინციულ ლუმპენ-პროლეტარიატს, მისი ლიკვიდაციისთვის საჭიროა სოფლის სკოლებში განათლების დონის ამაღლება, სოფლის მეურნეობაში ინვესტორების მოზიდვა, აწ არსებული მსხვილი ფერმერების ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის განვითარება და ალტერნატიული ეკონომიკური დარგების (ტურიზმი, ჰიდროელექტროენერგეტიკა და სხვა) განვითარება. საქართველოში უნდა დაიმსხვრეს სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ სოფელში და ზოგადად რეგიონში მცხოვრები ადამიანი აუცილებლად სოფლის მეურნეობით უნდა იყოს დაკავებული, თუმცა ეს თემა ცალკე განხილვის საგანია.

პ.ს. ჩვენ ვახსენეთ ევროპელი მემარცხენე ლიდერები და მათი მიგრაციული პოლიტიკა. ვინაიდან საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე გაიმარჯვა მემარცხენე ძალამ, ხომ არ ექნება მას ელექტორატის ხელოვნური ზრდის მცდელობა? განსხვავებით ევროპისგან, საქართველოში არის სამუშაო ადგილების დეფიციტი, რაც ჩვენს ქვეყანაში არ იზიდავს მიგრანტებს. მოსალოდნელი ფრუსტრაციის ფონზე, ელექტორატის მოზიდვის ერთადერთი საშუალება, ქართული საზოგადოების კიდევ უფრო ლუმპენიზაციაა… 

ლაფანყურის კვალდაკვალ

Image

 

„ლოპოტას ჩამოდიოდეს ლეკები წუღიანები,

მიუდიოდათ კახები, ტირილით, ცრემლიანები.

ლეკებს მგზავრ შამეეყარათ თუშები თოფიანები.“

 

ზემოთმოყვანილი თუშური ხალხური ლექსი ასახავს ლოპოტას ხეობაში XVIII-XIX საუკუნეებში მიმდინარე მოვლენებს. ვინაიდან, ლოპოტის ხეობაზე გადის საქართველო-დაღესტნის დამაკავშირებელი ერთ-ერთი გზა, იგი საუკუნეების განმავლობაში იყო ინტენსიური მიმოსვლისა და ინტერესთა შეჯახების წერტილი. ბუნებრივია, აღნიშნულ ხეობას ცენტრალური ადგილი ეკავა ლეკიანობის პერიოდში. XXI საუკუნეში ლოპოტას ხეობა ისევ გახდა დაძაბულობის ეპიცენტრი, სადაც კვლავაც ჩრდილოკავკასიელები ფიგურირებენ. ზოგადად, ლაფანყურის მოვლენები ბევრი პასუხგაუცემელი კითხვისა და სპეკულაციის საგანი გახდა. ჩვენ ღია წყაროების ანალიზზე დაყრდნობით, შევეცდებით ჩვენს მიერ დანახული სურათის ჩვენებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხედვით, 28 აგვისტოს გურჯაანის რაიონის სოფელ ლაფანყურთან ახლოს დივერსანტთა ჯგუფმა 5 ადგილობრივი მაცხოვრებელი აიყვანა მძევლად. საქართველო-რუსეთის საზღვართან, ქართულმა სპეციალური დანიშნულების დანაყოფებმა მძევალთა გათავისუფლების მიზნით, ჩაატარეს სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც გათავისუფლებულიქნა ხუთივე მძევალი, ქართველი სამართალდამცავების მხრიდან დაიღუპა 3, ხოლო დივერსანტთა მხრიდან კი 11 მებრძოლი. ოფიციალური პირების მხრიდან გაცხადდა სპეცოპერაციის ერთ-ერთი დეტალი. სატელეფონო კავშირის დამყარების მიზნით, მოხდა მომლაპარაკებელი პირისა და დივერსანტების ნაწილის შემაღლებულ ადგილზე გამოყვანა, სადაც სნაიპერების მიერ მოხდა მათი ლიკვიდაცია. მოგვიანებით, გამოქვეყნდა შვიდი დაღუპული დივერსანტის სახელი და გვარი. მათ შორის დასახელდა საქართველოს ორი და პანკისის ხეობაში დაბადებული ერთი რუსეთის მოქალაქე. დანარჩენი 4 დაღუპული იყო რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ჩეჩენი და ინგუში.

 ლაფანყურის მოვლენებმა იმთავითვე ბევრი შეკითხვა გააჩინა. ამას ხელს იმდროინდელი პოლიტიკური ელფერი და სპეცსამსახურების მუშაობის დახურული ხასიათი უწყობდა. თუმცა, ღია წყაროებში მოიპოვება ბევრი ისეთი ინფორმაცია, რომელიც კიდევ უფრო მოჰფენს ნათელს ლაფანყურის საიდუმლოს.

პრედისტორია – ლაფანყურის ოპერაციამდე, 16 აგვისტოს საქართველოსთან მოსაზღვრე წუნტის რაიონში (დაღესტნის რესპუბლიკა) შეყვანილიქნა ბრონიტექნიკის 300 ერთეული და დამატებით 2500 სამხედრო. ბუნებრივია, ამხელა ძალებს ადგილობრივი მცირერიცხვოვანი მეამბოხეთა დაჯგუფების წინააღმდეგ გამოყენება არარეალურია. აგრეთვე, იმავე რაიონში გაიხსნა საველე ჰოსპიტალი, რომელსაც დღე-ღამის განმავლობაში 300 დაჭრილის მიღება შეეძლო, რაც ასევე დამატებით კითხვებს ბადებს. თუმცა, ყველაზე საინტერესო ადგილობრივი მოსახლეობის მონათხრობია. დაღესტნელ მეამბოხეთა ვებგვერდის, VDAGESTAN-ის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობის კითხვაზე, თუ რატომ ხდება ამხელა ძალის მობილიზაცია, რუს სამხედროებს ჰქონდათ ცალსახა პასუხი – „თქვენ საქართველოსგან უნდა დაგიცვათ“.

ოპერაციისმიმდინარეობა – გარდა ოფიციალური ინფორმაციისა, გარკვეული სურათის დანახვა შესაძლებელია ჩრდილოკავკასიელ მეამბოხეთა განცხადებებზე დაყრდნობით. მეამბოხეთა ვეგვერდ kavkazcenter-ზე განთავსებულიქნა ინფორმაცია ლაფანყურის მოვლენების მიმდინარეობის შესახებ. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაღესტნის ვილაიეთის[1] სამხედრო ხელმძღვანელობამ, საქართველოსაგან და რუსეთისგან მალულად მოახდინა ახალწვეულ-მოხალისეთა დაჯგუფების კონცენტრაცია სქართველო-დაღესტნის საზღვრის ერთ-ერთ სამთო უბანში. ახალწვეულთა ჯგუფი გადაადგილდებოდა დაღესტნის ტერიტორიისკენ. ოპერაციის უკანასკნელ ეტაპზე მოხდა ინფორმაციის გაჟონვა ჯგუფის გადაადგილებასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გადაისროლა ახალწვეულთა რაზმისაკენ სპეცდანიშნულების ძალები ვერტმფრენთა დახმარებით. ქართველმა მეთაურებმა დაიწყეს მოლაპარაკებები მოჯაჰედებთან და შესთავაზეს მათ იარაღის დაყრა. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეიარაღებული რაზმის გამოჩენას თავის ტერიტორიაზე  მიიჩნევს პროვოკაციად, რითაც შეუძლია ისარგებლოს რუსეთმა მორიგი სამხედრო ინტერვენციის ორგანიზებისათვის.მოლაპარაკები იარაღის დაყრასთან დაკავშირებით  დღე-ღამეზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები შევიდა ჩიხში, დაიწყო ბრძოლა.

გარდა კავკასიის საამიროს განცხადებისა, უაღრესად მნიშვნელოვანია ლაფანყურის მოვლენების ერთადერთი მოწმის, აჰმედ ჩატაევის მონაყოლი. მისი მონაყოლის მიხედვით, მას დაურეკა ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელმა და ლოპოტას ხეობაში გამაგრებულ რაზმთან მოლაპარაკებაში შუამდგომლობა სთხოვა. ჩატაევი წინადადებას დათანხმდა და გაემგზავრა ლოპოტის ხეობაში. მოლაპარაკებისას რაზმის წევრებმა უარი თქვეს ქართველი სამართალდამცველებისთვის იარაღის ჩაბარებაზე. ამ პასუხის ქართული მხარისთვის გადასაცემად, აჰმედ ჩატაევი ორ თანხმლებ პირთან ერთად შემაღლებულ ადგილას ავიდა, საიდანაც დაუკავშირდა ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელს და მას არსებული ვითარება მოახსენა. 15 წუთის შემდეგ ატყდა, სროლა, რომლის შედეგადაც, აჰმედ ჩატაევი დაიჭრა ფეხში.

თუმცა, ყველაზე საინტერესოა ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა მეთაურების პოზიცია ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით. ისინი მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლნენ და მოვლენებისათვის ცალსახა შეფასება არ მიუციათ. მეტიც, სააგენტო „ეხო კავკაზას“ გამოეხმაურა თურქეთში მცხოვრები კავკასიის საამიროს მეთაურის, დოკუ უმაროვის ძმა აჰმედ უმაროვი. უმაროვის თქმით, ქართული მხარე არ არის პასუხისგებელი ლაფანყურის მოვლენებზე და ჯერ არ დამდგარა ამ ოპერაციის გამხელის დრო. ასევე, საინტერესოა ვებგვერდ kavkazcenter-ზე გამოქვეყნებული მასალა დივერსანტთა რაზმში მყოფი დაღესტნელის შესახებ, რომელზედაც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე ეჭვი არსებობს.

მიუხედავად ყველა ამ დეტალისა, არსებობს მთელი რიგი პასუხგაუცემელი კითხვებისა. რა ბედი ეწიათ დივერსანტთა რაზმის გადარჩენილ წევრებს? რატომ არ ცხადდება დანარჩენი 4 დაღუპული პირის ვინაობა? რატომ მოხდა აჰმედ ჩატაევის ფეხში დაჭრა? და სხვა მრავალი. ბევრი ამ კითხვათაგანი სავაუდოდ უპასუხოდ დარჩება, რაც განპირობებულია საქართველოს ეროვნული ინტერესებით. თუმცა, ჩვენი აზრით იკვეთება ერთი მკაფიო სურათი. ეს არის რუსეთის მხრიდან Casus belli-ს შექნის მცდელობა. ამით რუსეთს ერთის მხრივ „ანტიტერორისტული ოპერაციის“ ჩატარების მიზნით მიეცემოდა საქართველოს არაოკუპირებულ რეგიონებში ინტერვენციის საშუალება, მეორესმხრივ კი ქართველებსა და ჩრდილოკავკასიელებს შორის გაჩნდებოდა და გაღრმავდებოდა ბზარი.


[1] ჩრდილო კავკასიელ მებრძოლთა დაღესტნური ფრონტის სახელწოდება

ქურდული ტრადიციები – ისტორიის ნაწილი, თუ ნელი მოქმედების ნაღმი?

Image

მრავალი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში გაბატონებული იყო ქურდული მენტალიტეტი. ქურდული ტრადიციების მატარებლებს შეხვდებოდით ქუჩებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, ჯარში და თითქმის ყველა სოციალურ ფენებში. დღეს როგორც არასდროს, აქტიურად განიხილება საქართველოში ქურდული სამყაროს რეინკარნაციის შესაძლებლობა. ვიდრე რაიმე პროგნოზს გავაკეთებდეთ, გვსურს წარმოვადგინოთ ქურდული სამყაროს მოკლე აღწერა.

ქურდული ინსტიტუტის ჩამოყალიბების ზუსტი დროსა და ადგილის შესახებ თანამედროვე კრიმინალისტიკას ცალსახა პასუხი არ გააჩნია. მკვლევართა ნაწილი, კანონიერი ქურდების წინამორბედებად ეწ ჟიგანებს[1] მიიჩნევს. თუმცა, ყველაზე სარწმუნო ვერსიად, კანონიერი ქურდის ინსტიტუტის სტალინის რეჟიმის მიერ ხელოვნურად შექმნა არის მიჩნეული. მასიური რეპრესიების პირობებში, კონცენტრაციული ბანაკები პატიმრებით იყო გავსებული და მასიური ბუნტებისგან თავის დასაღწევად საჭირო იყო პატიმართა შორის დიდი ავტორიტეტის მქონე არაფორმალური ზედამხედველი არსებობა. კანონიერი ქურდის ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში ლომის წილი შეიტანეს ოდესელმა კრიმინალებმა, მოშე-იაკობ ვინიცკიმ (მიშკა იაპონჩიკი[2]) და ნაფტალი ფრენკელმა. ეს უკანასკნელი НКВД-ს გენერალი და იოსებ სტალითან დაახლოებული პირი იყო.

ქურდულ სამყაროს მკაცრად განსაზღვრული დაუწერელი კანონები და იერარქია გააჩნია. იერარქია მოქმედია როგორც სასჯელარსრულებითი დაწესებულებების შიგნით, ასევე მათ ფარგლებს გარეთ. ქურდული იერარქიის სათავეში დგას კანონიერი ქურდი. მას შავ სამყაროში აბსოლუტური ძალაუფლება გააჩნია. ქურდული კანონების მიხედვით, ყველა ქურდი ერთმანეთის თანასწორია, თუმცა რეალურად ქურდთა შორისაც არსებობენ საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ქურდები (ეწ всесоюзные воры). კანონიერი ქურდები შექმნილ ვითარებას, გავლენის სფეროების გადანაწილებასა და ქურდულ კანონებში კორექტივების შეტანას საგანგებო შეხვედრებზე („სხადნიაკებზე“) ახდენენ. შავი სამყაროს იერარქიულ კიბეში მეორე ადგილას დგანან ეწ „კაი ბიჭები“ – ქურდული ტრადიციების მიმდევარი პირები. „კაი ბიჭები“ რამდენიმე ქვეკატეგორიად იყოფიან: მომავლები – პირები, ვინც კანონიერი ქურდობისკენ ისწრაფვის, მაყურებლები – პირები, რომელნიც ამა თუ იმ კანონიერი ქურდის დავალებით აკონტროლებენ მათთვის განკუთვნილ ტერიტორიას, „ტორპედოები“ – კანონიერი ქურდების მძიმე დანაშაულებრივი დავალებების უშუალო შემსრულებლები. „კაი ბიჭების“ შემდეგ, ეწ „მუჟიკები“ ან „ვაჟკაცი კაცები“ მოდიან. აღნიშნული პირები პატივს სცემენ კანონიერ ქურდებსა და ქურდულ ტრადიციებს, თუმცა აგრეთვე ცხოვრობენ ჩვეულებრივი სამოქალაქო ცხოვრებითა და თავს ირჩენენ ლეგალური შრომით. ქურდულ იერარქიაში შემდეგ საფეხურზე დგას ეწ „პეხოტა“ – პირები, ვისთვისაც უცხოა ქურდული ტრადიციები, თუმცა ამავდროულად მათი არსებობა ხელს არ უშლის შავ სამყაროს. ქურდულს სამყაროში ყველაზე დაბალ საფეხურს „გაფუჭებული“ ადამიანები წარმოადგენენ. აღნიშნულ საფეხურსაც რამდენიმე ქვეკატეგორიასა გააჩნია: „ძაღლები“ – ძალოვანი უწყებების მოქმედი თუ ყოფილი მუშაკები, „ნასედკები“ – ძალოვანი უწყებების ფარული თანამშრომლები, „პრაშლიაკები“ – ყოფილი კანონიერი ქურდები და ყველაზე დაბალი საფეხური – ეწ „ქათმები“. აღნიშნული კატეგორიის პირთა მიმართ კანონიერი ქურდების დავალებით პერმამენტულად ხორციელდება სექსუალური სახის ზეწოლა.

ქურდული იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია ყოველგვარი სახელმწიფოებრიობის უარყოფა. ქურდული ტრადიციების მიმდევარს არც ერთი დღე არ უნდა ჰქონდეს ნამუშევარი საჯარო სამსახურში, არ უნდა ჰქონდეს გადახდილი გადასახადი, არ უნდა იყოს ნამსახურები ჯარში, არ უნდა სცემდეს პატივს ქვეყნის კონსტიტუციას, სახელმწიფოსა და მასთან დაკავშირებულ ყველა ატრიბუტს. ყოველივე ამის ერთობლიობა, მძლავრ ანტისახელმწიფოებრივ სეგმენტს ქმნის.

საქართველოში ქურდულმა ინსტიტუტმა, სხვა საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით სწრაფად და მასიურად მოიკიდა. ქურდული ტრადიციების მთავარი კერები იყო თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, სოხუმი და ფოთი. სამაგიეროდ, ქურდულმა კანონმა ვერ მოიკიდა ფეხი შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და საქართველოს მთიანეთში. შეიძლება ითქვას, რომ ქურდული მენტალიტეტი მხოლოდ ურბანულ და ინდუსტრიულ ზონებში ჩამოყალიბდა. ბუნებრივია, ასეთ ზონებში სხვა რეგიონებთან შედარებით, მეტი ფინანსური აქტოვობა და მეტი ჩრდილოვანი ბიზნესი (ეწ „ცეხოვიკები“) იყო, რაც ქურდული ტრადიციების განვითარებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა. მეტიც, სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, საქართველოში მოხდა კანონიერი ქურდების საკრალიზაცია. კანონიერი ქურდი აღიქმებოდა სამართლიანობისთვის მებრძოლ რაინდული თვისებების მქონე პირად. ქურდული ტრადიციები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა ქართულ საზოგადოებაში. მათი პოპულარიზება ხდებოდა კინოსა და მწერლობაშიც. ამან ყველაფერმა თავისი შედეგი გამოიღო 90-იან წლებში, როდესაც საქართველოს ერთ-ერთი მმართველი გახდა კანონიერი ქურდი ჯაბა იოსელიანი. კანონიერმა ქურდებმა დიდი როლი შეასრულეს 90-იან წლებში საქართველოს ეკონომიკის განადგურებაში, კრიმინალის არნახულ გაზრდასა და ნარკოტიკების გავრცელებაში. მათ წინააღმდეგ ბრძოლის არაერთი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. პირიქით, ბევრი კანონიერი ქურდი საქართველოში ძალოვან მინისტრებზე მეტ ზეგავლენას ფლობდა.

დღეს ქართველი კანონიერი ქურდები ორ ძირითად დაჯგუფებად იყოფიან – თბილისური და ქუთაისური. თბილისური დაჯგუფების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან ზაქარია კალაშოვი („შაქრო მალადოი“), ასლან უსოიანი („დედ ხასანი“), ლაშა შუშანაშვილი („პავლოვიჩი“, „ლაშა ტოლსტი“) და ვატო ყიფიანი[3]. ქუთაისურ კლანში კი მოიაზრებიან ტარიელ ონიანი, მერაბ გოგია („მელია“), ბადრი კოღუაშვილი („ბადრიკ ქუთაისსკი“) და სხვები. აღნიშნული კლანები ერთმანეთს ეცილებიან გავლენის სფეროებისა და ბიზნესინტერესებს რუსეთის ფედერაციაში, უკრაინასა და ევროპაში. არსებობს გოვინრული ეჭვი ქართველი კანონიერი ქურდების რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ. მაგალითად, ავტორიტეტული თურქული გაზეთები „Zaman“ და „Huriyet“ იტყობინებოდნენ იმის შესახებ, რომ კანონიერი ქურდი ზაქარია კალაშოვი და ასლან უსოიანი (ეთნიკური ქურთები-იეზიდები) რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით აფინანსებდნენ სეპარატისტულ ორგანიზაცია ქურთების მუშათა პარტიას. აგრეთვე, ქართველი კანონიერი ქურდები სხვა საქართველოს მოქალაქეებისგან განსხვავებით დაუბრკოლებლად გადაადგილებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც ამ გონივრულ ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს.

საქართველოში კანონიერი ქურდებისა და ქურდული ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო 2005 წელს, როდესაც მიღებულიქნა კანონი ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის წინააღმდეგ. აღნიშნული კანონის თანახმად, დასჯადი გახდა ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდულ გარჩევებში მონაწილეობა და კანონიერი ქურდობა. აგრეთვე, ქურდული სამყაროს წევრების ქონება კონფისკაციას დაექვემდებარა. კანონის ამოქმედებისთანავე, დაიწყო ბრძოლა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ, თუმცა დიდი ხანი ვერ ხერხდებოდა ქურდული სამყაროს წელში გადატეხა. ამის მიზეზი, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში და გარეთ მყოფ კრიმინალებს შორის უყვეტი კავშირის არსებობა იყო. იმჟამინდელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი კოტე კემულარია ვერ ახერხებდა კანონიერი ქურდების მიმართ მკაცრი ზომების გატარებაც. მეტიც, იგი უძლური იყო შავი სამყაროს მიერ წამოყენებული ულტიმატუმების წინაშე. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო პატიმრობაში მყოფი კანონიერი ქურდის ალექსანდრე ქურასბედიანის („წრიპა“) ვიზიტი ჭრელ აბანოში ბადრაგის თანხლებით. ამ ინციდენტის შემდეგ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა 24 წლის უფლებადამცველი ბაჩო ახლაია. მან დაიწყო სასჯელარსრულების დეპარტამენტში სასიცოცხლო რეფორმების გატარება, რამაც დიდწილად განაპირობა ქურდული სამყაროს წელში გადატეხა. ამ რეფორმათაგან შეიძლება გამოვყოთ შემდეგი რეფორმები:

  1. ყველა პატიმრობაში მყოფი კანონიერი ქურდისა და კრიმინალური ავტორიტეტის დანარჩენი პატიმრებისგან და გარე სამყაროსგან იზოლირება.
  2. შედარებით ნაკლები ავტორიტეტის მქონე ქურდული ტრადიციების მიმდევრების იზოლირება ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პატიმრებისგან.
  3. ციხეებზე მკაცრი ადმინისტრაციული რეჟიმის დამყარება და ყოველ ქუდული ტრადიციის გამოვლენაზე (აზარტული თამაშები, ქურდული გარჩევები, „საერთოს“ შეგროვება, ადამიანის გაუპატიურება…) დამატებითი ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის სასჯელი.
  4. სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ნივთების შეგზავნის მკაცრი შეზღუდვა და ფილტრაცია, რამაც ფაქტიურად ამოძირკვლა ციხეში ნარკომანია.
  5. სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის  წახალისება პრემიებით, ღირსების ორდენებითა და დაწინაურებით.
  6. ახალი სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების მშენებლობა და აწ არსებულების კაპიტალური რემონტი და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
  7. მსჯავრდებულთათვის სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული პროგრამების შემოღება.
  8. სასჯელაღსრულების დაწესებულებების გარე პერიმეტრის კონტროლი თანამედროვედ აღჭურვილი სპეცრაზმისა და შინაგანი ჯარის მიერ.
  9. პატიმრების პირობების (საძინებელი, საკვები…) მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.
  10. პატიმართა შორის ნაღდი ფულის ბრუნვის აღკვეთა და სპეციალური ელექტრონული ბარათების შემოღება.

ყოველივე ამან, ქურდულ სამყაროს დიდი ზიანი მიაყენა. რეფორმებზე შავი სამყაროს რეაქცია მყისიერი იყო, რაც გამოიხატა ბუნტით ორთაჭალის ციხეში. მიუხედავად იმისა, რომ ქურდული სამყაროს წევრებს ორთაჭალის ციხეში ცეცხლსასროლი იარაღიც გააჩნდათ, ბუნტის აღკვეთა მაინც მოხერხდა. შავი სამყაროს წარმომადგენელთა დიდი ნაწილი საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაიხვეწა. დაინგრა ქურდების მიერ საქართველოში შექმნილი კრიმინალური პირამიდა და საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად იქცა.

ხელისუფლების ცვლილების ფონზე, ჩვენთვის უცნობია მისი მიდგომა ქურდული სამყაროს მიმართ. ერთის მხრივ, ახალი მთავრობა სიტყვიერად გმობს ქურდულ სამყაროს და მას ნულოვან ტოლერანტობას უცხადებს, მეორესმრივ კი მაშტაბური ამნისტიის შედეგად ბევრი ქურდული ტრადიციის მიმდევარი დაუბრუნდება ქართულ საზოგადოებას, რაც შავი სამყაროს დანაშაულებრივი სისტემის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ერთი რამ ფაქტია, ქურდული სამყაროს გავლენა ქართულ საზოგადოებაზე შემცირდა, თუმცა თავად ქურდული სამყარო არ განადგურებულა, ის დღესაც არსებობს და ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში მზადაა გაორმაგებული ძალებით მოიკიდოს ფეხი საქართველოში. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა კონკურენცია ნაკლებია, ხოლო დოვლათი კი მეტი ვიდრე 90-იან წლებში.


[1] ჟიგანი – მეფის რუსეთის დროინდელი მომპარავები და თაღლითები, რომელთაც საკუთარი დაუწერელი კანონები გააჩნდათ

[2] არ შეგეშალოთ ვიაჩესლავ ივანკოვში, რომელსაც ასევე იაპონჩიკს უწოდებენ

[3] ვატო (ვახტანგ) ყიფიანი კანონიერი ქურდი არ არის, თუმცა გააჩნია დიდი გავლენა კრიმინალურ სამყაროში

რუსეთ-საქართველოს ომების მოკლე მიმოხილვა

Image

გეორგიევსკის ტრაქტატის დღიდან არ ცხრება კამათი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ავკარგიანობის შესახებ. არსებობს მოსაზრება რუსეთის პროგრესული როლის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყბადაღებულ ერთმორწმუნეობის თემას. თუმცა, მიზეზთა გამო, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ბევრი შავი ლაქა დღემდე ტაბუირებულია. თვით 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ეწ „აგვისტოს მოვლენებს“ უწოდებენ. მეტიც, საზოგადოების ნაწილი აგვისტოს ომს რუსეთ-საქართველოს შორის პირველ სისხლიან კონფლიქტად მიიჩნევს და მის ინიციატორად საქართველოს წინა ხელისუფლებას ასახელებს. თავი რომ დავანებოთ სხვადასხვა ფორმაციის რუსეთის მხრიდან 200 წლის მანძილზე განხორციელებულ იმპერიალისტურ პოლიტიკას, საქართველო-რუსეთის ისტორიაში არაერთხელ ჰქონია ადგილი საომარ მოქმედებებს. გთავაზობთ ყოველი საომარი მოქმედების მოკლე მიმოხილვას:

რუსეთ-საქართველოს მთიულეთის ომი (1802) – ომი გამოიწვია სამხედრო გზის შენებისას რუსი ოკუპანტების გადამეტებულმა სისასტიკემ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. მოვლენებს გააჩნია საომარი მოქმედებების მკაფიოდ გამოხატული ნიშნები. საომარი მოქმედებების არეალი იყო თანამედროვე მცხეთა-მთიანეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. საბრძოლო მოქმედებებისას მთიელთა მიერ დაკავებული იყო ისეთი მნიშვნელოვანი პუნქტები, როგორც დუშეთი და ანანური. ყველაზე წარმატებულ ოპერაციად შეიძლება მივიჩნიოთ აგვისტოს თვეში დუშეთში მდებარე საოკუპაციო ყაზარმის განადგურება. ქართველ მთიელთა საველე მეთაურები იყვნენ ბურდული, ნაზღაიძე, ჩქარეული, ბენიანიძე და ბედოიძე. საომარი მოქმედებები გრძელდებოდა 1802 წლის მაისიდან ამავე წლის ოქტომბრის ჩათვლით.  საბოლოოდ, გენერალ ციციანოვისა რაზმმა ქართველ კოლაბორაციონისტებთან ერთად შესძლო მთიანეთზე კონტროლის დამყარება და მთიელ ამბოხებულთა მიმართ ფართომაშტაბიანი რეპრესიების გატარება. რუსეთ-საქართველოს 1802 წლის ომი, კერძოდ საოკუპაციო ჯარების მიერ სოფელ შატილის განადგურება ასახულია ა. შანიძის მიერ ჩაწერილ ხევსურულ ხალხურ ლექსში:

იყრების დიდი ლაშქარი, ტყეს ფათვლად გადასწვდებისა.

არაგვი შამაიარეს, მთას იქით გადაჴდებისა;

ჩაწვა, ჩადაგა შატილი, ალ ზეცას ღმერთს მისწვდებისა;

გუროს სიმაგრეს მიუდგეს, ვაჟებ შიგ შაუგდებისა.

გამადის ბუჩასეული, მკვდარ კლდეზე გადიყრებისა.

ამანდით გამაბრუნებულ ჴევსურეთს ჩამადგებისა.

ჴევსურეთ დაწვა, დადაგა, ცოდო-ბრალ დიდი დგებისა.

კეოს დაბრუნდა ლაშქარი, ქობულოს გამაჴდებისა.

მამუკას ჴელ-მოკლეთასა ვეფხვ საომრადა ჴდებისა.

აკუშოს ჩავა ლაშქარი, მდევარი ჩამახყვებისა.

ჴმალს ნუ სტეხ მგელათ სუმბატავ, ნაცად არ გეკარგებისა,

ბაბუა მგელაისშვილი ვეფხვი კანჭებზე დგებისა.

კვირიკა ჭილჭაისძეი ბუღაი დაბრუნდებისა.

ნუ ხკვდები, გორელაურო, – მარტო ხარ, არ გიჴდებისა.

მამასა ურჯუკაისას მზე უდგას, უბნელდებისა,

თორ დედა ბებერ ხყოლია, ცვილის სანთლები სდნებისა.

დანუ საბნელოდ ჩაუსხდეს, ფარაგით იხოშებისა.“

 

რუსეთ-საქართველოს 1804 წლის მთიულეთის ომი დღემდე არ არის სათანადო დონეზე ასახული ქართულ ისტორიოგრაფიაში და ამ მოვლენებს დღემდე „მთიულეთის აჯანყება“ ეწოდება.

რუსეთ-საქართველოს კახეთის ომი (1812) – ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური საომარი კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის. საბრძოლო მოქმედებები დაბა ახმეტაში დაიწყო. მოგვიანებით, ქართულმა საბრძოლო შენაერთებმა მოახდინეს თელავისა და სიღნაღის დეოკუპაცია. 1812 წლის ომს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ფართომაშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები, ვინაიდან არსებობდა ფრონტის ხაზიც, რომელიც ავჭალამდეც კი ვრცელდებოდა. რუსეთის საოკუპაციო ჯარი იყენებდა კავალერიასა და საზარბაზნო არტილერიას. ინტენსიური ბრძოლების შედეგად მიწასთან გასწორდა დაბა ახმეტა. ქართველთა მხარეს მონაწილეობდნენ დაღესტნელი, ჩერქეზი და ჩეჩენი მოკავშირეებიც. ამბოხებულთა რაზმებს სათავეში ედგა ალექსანდრე ბატონიშვილი. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს 1812 წლის ომისას ქართლ-კახეთის მეფედ გამოცხადებულიქნა გრიგოლ I იოანეს ძე. 1812 წლის მარტში სოფელ ჩუმლაყთან ქართველ მეამბოხეებსა და რუსეთის საოკუპაციო ჯარს შორის მოხდა გადამწვვეტი ბრძოლა, რომელიც დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ქართველთა დამარცხებით დასრულდა. ომის დასრულების შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა ასობით მეამბოხე დასაჯა სიკვდილით ან გადაასახლა ციმბირში. აღნიშნული მოვლენას ქართულ საისტორიო ლიტერატურაში მცირე ადგილი ეთმობა და კახეთის „აჯანყებად“ მოიხსენიება.

რუსეთ-საქართველოსიმერეთისომი (1819-1820) – ამ ომის მიზეზი რუსი საეკლესიო პირების იმერეთის მოსახლეობისადმი არასათანადო მოპყრობა იყო. ეს გამოიხატებოდა გადასახადებისა და შრომითი ბეგრის გაზრდაში. 1819 წელს დაიწყო საბრძოლო მოქმედებები და ქართველმა მეამბოხეებმა დაამყარეს კონტროლი რაჭისა და იმერეთის ტერიტორიაზე. ქართველ მებრძოლებს თანაუგრძნობდა გურიისა და სამეგრელოს მოსახლეობაც, თუმცა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მუქარის გამო აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმას ვერ ბედავდა. იმერეთის მმართველმა პოლკოვნიკმა პუზირევსკიმ გურიის მთავრის ბიძას, ქაიხოსრო ბატონიშვილს ივანე აბაშიძის გაცემა მოსთხოვა. ქაიხოსრომ უარი განაცხადა. 1820 წლის აპრილს გურიაში რაზმით შესული პუზირევსკი შემოქმედის ციხესთან მოკლეს. რუსთა რაზმმა უკან დაიხია. 1820 წლის მაისში რუსეთის იმპერიამ მოახდინა დამატებითი საოკუპაციო რაზმების მობილიზება და 1821 წელს გადამწყვეტ ბრძოლაში კვარას ციხესთან დაამარცხა მეამბოხეები, რის შემდეგაც მოახდინა რაჭის მშვიდობიანი სოფლების მასიური დარბევა. ასევე გენერალ ველიამინოვის მიერ არტილერიის გამოყენების გზით განადგურებულიქნა გურიის სოფლები შემოქმედი, გრიგოლეთი და ნიგოზდიდი. სადამსჯელო ღონისძიებების შედეგად დაპატიმრებულიქნა 70 კაცზე მეტი, რომელთაგან 10 სიკვდილით იქნა დასჯილი. ქართულ ისტორიოგრაფიაში გარდა ტერმინისა იმერეთის „აჯანყება“, ფართოდ გამოიყენება ტერმინი საეკლესიო აჯანყება. აღსანიშნავია, რომ არც საქართველოს სამოციქულო ეკლესიას არასდროს არ აღუნიშნავს რუსეთ-საქართველოს იმერეთის ომის რაიმე მრგვალი თარიღი.

რუსეთ-საქართველოს გურიის ომი (1841) – საომარი მოქმედებების მიზეზი ბატონყმობა და გლეხთა არნახული ექსპლუატაცია იყო. გოგია ვადაჭკორიას მეთაურობით შეიქმნა 220 კაციანი პარტიზანული დაჯგუფება „ფირალი“, რომელმაც 1841 წლის 3 ივნისს დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. პარტიზანული ბრძოლა სულ-უფრო და უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებდა და მასში 7000-მდე მეამბოხე იქნა ჩართული. 9 აგვისტოს სოფელ გოგორეთთან ქართველმა პარტიზანებმა გაანადგურეს პოლკოვნიკ ბრუსილოვის საოკუპაციო საჯარისო ნაწილი, რის შედეგაც კონტროლი დაამყარეს თითქმის მთელი გურიის ტერიტორიაზე. პარტიზანებმა აგრეთვე უკუაქციეს ქართველი კოლაბორაციონისტებისგან შემდგარი რაზმები. მეამბოხეთა წინააღმდეგ 2 464 რეგულარული ჯარისკაცი გაიგზავნა პილკოვნიკ მ. არგუთინსკი-დოლგორუკოვის მეთაურობით. გურიისაკენ დაიძრა სამეგრელოსა და იმერეთის კოლაბორაციონისტებისგან შემდგარი მილიცია. 5 სექტემბერს დილით, მ. არგუთინსკი-დოლგორუკოვმა, ადგილობრივი კოლაბორაციონისტი თავად-აზნაურთა რჩევით, მეამბოხეებს ზურგში მძიმე დარტყმა მიაყენა. თავდასხმამ საბოლოოდ გადაწყვიტა პარტიზანთა ბედი. ამ ბრძოლაში 60-ზე მეტი პარტიზანი დაიღუპა. რუსეთ-საქართველოს ომის ეს მონაკვეთი სხვათა მსგავსად მიჩქმალულია და მას გურიის „აჯანყება“ ეწოდება.

რუსეთ-საქართველოსსამეგრელოსომი (1856-1857) – გურიის ომის მსგავსად, სამეგრელოშიც აჯანყების მიზეზი ბატონყმობა იყო. ამბოხის ეპიცენტრი სოფელი სალხინო იყო. უტუ თოდუას მეთაურობით, 4 ათასამდე პარტიზანი იქნა მობილიზებული. 1857 წელს ბრძოლებმა მთელი სამეგრელოს ტერიტორია მოიცვეს. 1857 წელს მოხდა ყველა ლოკალური პარტიზანული კერის გაერთიანება და ამ გაერთიანებას სათავეში უტუ მიქავა ჩაუდგა. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა მეამბოხეთა წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიმართა. აგვისტო-სექტემბერში მეამბოხეთა და საოკუპაციო ჯარებს შორის ინტენსიური ბრძოლები გაიმართა ქვალონთან (ახლანდელი ხობის მუნიციპალიტეტი), ჯვართან, თეკლათში (ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი), მარტვილის მონასტერთა, ნახუნუში (ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი), ზუმში (ახლანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი). ოქტომბერ-ნოემბერში მთავრობის ჯარებმა გადამწყვეტი ზომები მიიღეს ამბოხის ჩასაქრობად. ტერიტორიების დაკავების პროცესში ხდებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის მასიური დარბევა და მარადიორობა. ქართულ ისტორიოგრაფიაში აღნიშნულ მოვლენას სამეგრელოს „აჯანყება“ ეწოდება.

რუსეთ-საქართველოსსვანეთისომი (1875-1876) – რუსეთის კოლონიალიზმის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ომი. ფარჯიანისა და შერვაშიძის მეთაურობით სოფელ ლალხორში ჩამოყალიბდა 2 ათას კაციანი პარტიზანული დაჯგუფება. რუსეთის იმპერია თითქმის ერთი წლის მანძილზე ვერ ახერხებდა სვანეთის უდიდეს ნაწილზე კონტროლის დამყარებას, რისთვისაც რეგიონში გადასროლილიქნა საარტილერიო ბატარეით აღჭურვილი 1200 კაციანი საოკუპაციო დანაყოფი. სადამსჯელო ექსპედიციაში მონაწილეობდა აგრეთვე ყაბარდოელ და აფხაზ კოლაბორაციონისტთა დაჯგუფებაც. 1876 წლის 21 აგვისტოს დილით დაიწყო სოფელ ხალდეს შტურმი, რომელიც 27 აგვისტოს მეამბოხეთა შეპყრობით, ხალდეს აღებით და მიწასთან გასწორებით დამთავრდა. ცოცხლად გადარჩენილი ქართველი პარტიზანების აბსოლუტური უმრავლესობა იქნა დაპატიმრებული ან გადასახლებული ციმბირში. აღსანიშნავია, რომ სოფელი ხალდე დღემდე ნანგრევებად არის ქცეული და ჯერ არ დამდგარა მისი რეაბილიტაციისა და მისთვის გმირი-სოფლის სტატუსის მინიჭების საკითხი.  აღნიშნული მოვლენები ქართულ ისტორიოგრაფიაში სვანეთის „აჯანყების“ სახელით არის მოხსენიებული.

რუსეთ-საქართველოს აფხაზეთის ომი და აფხაზთა ეთნიკური წმენდა (1867, 1877-1878) – რუსეთის იმპერიის მიერ აფხაზეთის ანექსიის შემდეგ, თითქმის მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა პარტიზანული ბრძოლები. ყველაზე გამოჩენილ საველე მეთაურთა შორის შეიძლება დასახელდნენ აჰმედ უბილავა (აუბლაა), შაბათ და ესშოუ მარშანიები. შედეგად, მოხდა აფხაზთა მასიური ეთნიკური წმენდა. წმენდა წარიმართა ორ ნაკადად – 1867 და 1877-1878 წლებში. შედეგად, 50 ათასზე მეტი აფხაზი იძულებით გასახლებულიქნა ოსმალეთის იმპერიაში. ეთნოწმენდის შედეგად, აფხაზეთის უდიდესი ნაწილი გაუკაცრიელდა. ქართულ ისტორიოგრაფიაში ეს მოვლენები მოიხსენიება როგორც მუჰაჯირობა, თუმცა აღნიშნული ტერმინი არ შეესაბამება მოვლენათა არსს. არაბული სიტყვა მუჰაჯირ (مُهَاجِرٌ) ისლამის მიმდევრობის მიზნით ნებაყოფლობით გადასახლებულ პირს აღნიშნავს, თუმცა გადასახლებულ აფხაზთა შორის ისლამის მიმდევრების გარდა იყვნენ როგორც ქრისტიანები, ასევე აფხაზური ტრადიციური რელიგიის მიმდევრებიც. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი სეპარატიზმის იდეოლოგები აფხაზთა ეთნიკური წმენდის ინიციატორებად ქართველებს ასახელებენ, თუმცა იმდროინდელი ქართული პატრიოტული ელიტა სოლიდარობას უცხადებდა აფხაზებს.

აჭარაში ქართველთა ეთნოწმენდა (1877-1878) – აჭარის ოსმალეთის იმპერიისგან განთავისუფლების შემდეგ, რუსეთის იმპერიამ მიზნად დაისახა რეგიონის მოსახლეობისგან გაწმენდა. სხვადასხვა პროვოკაციების, დაშინებისა და აგენტურული მუშაობის შედეგად აიძულა დაეტოვებინა სამშობლო. განსაკუთრებით მაჭახელას ხეობა დაზარალდა. ათიათასობით ქართველი ოსმალეთის იმპერიაში გადასახლდა.

რუსეთ-საქართველოს აფხაზეთის ომები (1918-1919) –  საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, საქართველო ხდებოდა რუსეთის მხრიდან პერმამენტული თავდასხმების ობიექტი. 1918 წელს წითელი არმია ადგილობრივი კოლაბორაციონისტების მხარდაჭერით შეიჭრა გუდაუთასა და ახალ ათონში. საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთში დაუყოვნებლივ შეიყვანა რეგულარული არმიის ნაწილები, რომელთა სათავეშიც გენერალ გიორგი მაზნიაშვილი იდგა. ქართულ რეგულარულ არმიას აფხაზთა 300 კაციანი კავალერიაც შეუერთდა. შეტევაზე გადასულმა ქართულმა არმიამ უკუაქცია ოკუპანტი. 3 ივლისს დეოკუპირებულიქნა გაგრა და ადლერი, 6 ივლისს სოჭი, 26 ივლისს კი ტუაფსე. წითელინ არმიის შემდეგ აფხაზეთის ოკუპაციის მცდელობა 1919 წელს ჰქონდა თეთრ არმიას დენიკინის მეთაურობით. 1919 წლის 24 იანვარს ქალაქ სოჭში დაბანაკებულმა მცირერიცხვოვანმა ქართულმა გარნიზონმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია ოკუპანტს, თუმცა ამის მიუხედავად დენიკინის რაზმებმა შესძლეს სოჭის დაკავება. ამავე წლის 14 მარტს, დენიკინის მიერ დაკავებული იქნა გაგრა და მეხადირი. ბრიტანელთა შუამავლობით გამართულ ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებზე გადაწყდა სადემარკაციო ხაზის მდინარე ფსოუზე გავლება. შემდგომ მდინარე ფსოუ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველო-რუსეთის საზღვრად იქნა აღიარებული.

საქართველოს ოკუპაცია (1921) – 16 თებერვალს საბჭოთა საოკუპაციო ძალები რუსეთის მე–11 წითელი არმიის 96–ე, მე–60 და მე–20 მსროლელთა ბრიგადის პოლკები, საბჭოთა სომხეთის ცხენოსანი ბრიგადისა და ადგილობრივი კოლაბორაციონისტების ჩათვლვლით, შევიდნენ სოფელ შულავერში, სომხეთის საზღვრიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 25 კილომეტრზე და იქ ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული “საქართველოს რევოლუციური კომიტეტი”, რომელიც წითელი მეთაურებისა და ადგილობრივი კოლაბორაციონისტებისგან შედგებოდა. მე–11 არმიის 54–ე და 58–ე მსროლელი ბრიგადები შეიჭრნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე წითელი ხიდის გავლით, რომელსაც მოჰყვა მე–12 ცხენოსანი დივიზია და 55–ე საჯავშნო ნაწილი. იმავდროულად 26–ე მსროლელი ბრიგადა და მე–9 მსროლელი დივიზიის ცხენოსანი პოლკი შეიჭრა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მტკვრის გავლით პოილუს სარკინიგზო ხიდთან, რომელიც მანამდე ააფეთქეს უკანდახეულმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მესაზღვრეებმა, რათა არ მომხდარიყო საბჭოთა დაჯავშნული მატარებლებისა და ტანკების წინ წამოწევა. მეორე დღეს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სასაზღვრო ქალაქ ზაქათალის მხრიდან ასევე შემოიჭრა მე–11 არმიის 59–ე მსროლელთა ბრიგადა და მე–18 ცხენოსანი დივიზია.ანატოლი გეკერმა, რომელიც იმ დროს მე–11 არმიის მეთაური იყო, მიიღო პირდაპირი ბრძანება მოსკოვიდან, რომ დაეკავებინა საქართველოს დედაქალაქი არაუგვიანეს 19 თებრვლისა. საბოლოოდ, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, საბჭოთა საოკუპაციო არმიამ 1921 წლის 25 თებერვალს აიღო საქართველოს დედაქალაქი. თბილისის დაცემის შემდეგ, ინტენსიური პარტიზანული ბრძოლები გრძელდებოდა 1924 წლამდე გენერალ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეტაურობით.

ქართველ მთიელთა ეთნიკური წმენდა (1940-1950) - ქართველი მთიელები, რომელზედაც კომუნისტური იდეოლოგიის გავლენა ნულს უდრიდა, საბჭოთა რეჟიმისათვის დიდ ტავისტკივილს წარმოადგენდნენ. ნებისმიერ მომენტში არსებობდა მთიელთა აჯანყების საფრთხე. ამის პრევენციისთვის, „კოლექტივიზაციის“ მიზეზით 40-50 იან წლებში საბჭოთა რეჟიმმა ქართველი კოლაბორაციონისტების დახმარებით დაიწყო ქართველ მთიელთა იძულებითი ჩასახლება ბარში. გასახლების პროცესში ადგილი ჰქონდა მასიურ მარადიორობასა და უნიკალური ციხე-კოშკების მიზანმიმართულ განადგურებას. ბარში იძულებით ჩასახლებულ მთიელთა საკმაოდ დიდი ნაწილი სხვადასხვა ეპიდემიის მსხვერპლი გახდა. აღნიშნულ პროცესებს ჰქონდა ეთნიკური წმენდის მკაფიო ნიშნები. ქართველ მთიელთა ეთნოწმენდის შედეგად დაიცალა საქართველოს სტრატეგიული კუთხეები. მაგალითად, ხევსურეთში, რომლის მოსახლეობაც რამდენიმე ათასს ითვლიდა, დღეს 500 კაცზე ნაკლები სახლობს, ხოლო თუშეთის 57 სოფლიდან დღეს მხოლოდ 7 მხრცოვანი მოსახლე დარჩა.

ჩრდილოკავკასიური კლანების გზამკვლევი

Image

თანამედროვე რუსეთის ფედერაციაში ფართოდ არის გავრცელებული სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ კავკასიის ხალხებს (როგორც სამხრეთ ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებლებს) არა აქვთ სახელმწიფოს მშენებლობის უნარი, რომ მათში გენეტიკურ დონეზე გამჯდარია კორუფცია, კლანური სისტემა და ამ რეგიონების მართვა შეუძლია მხოლოდ დიდ სახელმწფიფოს უხეში ძალისა და ადგილობრივი კლანების მხარდაჭერის კომბინაციით. თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში საქართველოც მსგავსი მეთოდებით იმართებოდა. დღეს ჩვენმა სახელმწიფომ ნაწილობრივ თავი დააღწია არსებულ სისტემას, თუმცა ბოლო დროს აქტიურად განიხილება საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნება. ჩვენ შევეცდებით ევრაზიულ კავშირში სავარაუდო გაერთიანების უკუშედეგების ჩვენება ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების მაგალითებზე დაყრდნობით, სადაც რუსული მართვის მეთოდება დღესაც ფართოდ გამოიყენება.

 

დაღესტნის რესპუბლიკა

შიხსაიდოვების კლანიშედგება ეთნიკური ყუმიხებისგან. მნიშვნელოვანი ფიგურები: ხიზრი შიხსაიდოვი (რუსეთის დუმის დეპუტატი), ძმა – შიხსაიდ შიხსაიდოვი (ბიზნესმენი) შვილი – დ. შიხსაიდოვი (დაღესტნის ეროვნული სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე), ძმისშვილი – მურად შიხსაიდოვი (ყოფილი ვიცე-პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი), დისშვილი – ჯამბულატოვი (სოფლის მეურნეობის აკადემიის რექტორი). კლანში შედის აგრეთვე ყურბანოვებისა და ალიევების საკმაოდ გავლენიანი გვარი. დერბენტის რაიონის ყოფილი გუბერნატორი ყურბან ყურბანოვი, ნარიმან ყურბანოვი (დაღესტნის ეროვნული სათათბიროს ეკოლოგიური კომიტეტის თავმჯდომარე), ასიათ ალიევა – (განათლების კომიტეტის თავმჯდომარე). 90-იან წლებში ხიზრი შიხსაიდოვი დაკავშირებული იყო ისეთ ცნობილ რეკეტირებთან, როგორც გაჯი მახაჩევი, მაგომედ გაჯიევი (იგივე ”მაგა-ფიქსა”), შამილ გასანოვი (იგივე ”კუსოკი”), ჰამზატ ახმედოვი (იგივე ”გამსახურდია”) და სხვები. აღნიშნული პირები დგანან 90-იან წლებში მომხდარი  ხალხის გატაცებისა და მკვლელობი არაერთი ფაქტის უკან. შიხსაიდოვების კლანი აკონტროლებს პურის ბიზნესს, საბანკო სფეროს ნაწილს. ხელი მიუწვდებათ რუსეთი ფედერაციის ცენტრალური ბიუჯეტიდან გადმორიცხულ დოტაციებზეც. კლანის ძირითადი მხარდამჭერები ეთნიკური ყუმიხები არიან. კლანი დაპირისპირებულია ალიევების კლანთან, სამაგიეროდ კარგი ურთიერთობა აქვთ საიდ ამიროვის კლანთან და ოლიგარქ სულეიმან ქერიმოვთან.

საიდ ამიროვის კლანი - ეთნიკური დარგუელი, თუმცა მისი კლანი ინტერნაციონალურია. მისი ლიდერი საიდ ამიროვი – ქალაქ მახაჩყალის მერი. მან დაკარგა კიდურები მასზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად. ამიროვის მთავარი მოკავშირეები არიან მისი დისშვილები ჯამალადინ გასანოვი და მაგომედყადირ გასანოვი (დუმის დეპუტატები ЛДПР-დან და „ედინაია როსიადან“), დაღესტნის სათათბიროს დეპუტატები – ფერზიათ ბაგანდოვა, გაზიმაგომედ აბდულაევი, ადილ კაბარდიევი, სეფერ ალიევი, ფიქრეთ რაჯაბოვი, ბისნესმენი ვლადიმერ აშურბეკოვი, საიდფაშა უმახანოვი (ხასავიურტის ყოფილი გამგებელი), აქბარ აკაევი (ბუინაქსკის ყოფილი მერი). ამიროვის კლანი აკონტროლებს სამშენებლო და  შავი ხიზილალის შავ ბიზნესს. საიდ ამიროვის ინიციატივით ქალაქ მახაჩკალაში იდება 5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მიკრორაიონს ”ლაზურნი ბერეგ”-ის აშენებისთვის. სავარაუდოდ ამიროვს აღნიშნულ პროექტში ფინანსური ინტერესებიც გააჩნია. დაღესტანში საიდ ამიროვს იცნობენ, როგორც შედარებით ნაკლებად კორუმპირებულ და მოსკოვისგან შედარებით დამოუკიდებელ პოლიტიკოსს. მას ”რკინის ხელსაც” კი ეძახიან მეამბოხეებთან შეურიგებელი ბრძოლის გამო. საიდ ამიროვი დისტანცირებას ახდენს ალიევების და მმართველი ლევაშის კლანებისგან.

ლევაშის კლანი (იგივე მაგომედოვების კლანი)კლანი შედგება ლევაშის რაიონში მცხოვრებ დარგუელთაგან. მისი ერთერთი მამამთავარი დაღესტნის სსრს ყოფილი ცკ-ს მდივანი და შემდეგ დაღესტნის რესპუბლიკის პრეზიდენტი მაგომედალი მაგომედოვი (მეტსახელად ”დედ”). მის პოლიტიკაში მოსვლას უკავშირდება დაღესტანში სისტემური კორუფციის გაძლიერება. მისი შვილი მაგომედსალამ მაგომედოვი არის დაღესტნის ამჟამინდელი პრეზიდენტი. ბევრი რაიონის გუბერნატორი და რამდენიმე ქალაქის მერი არის წარმომავლობით ლევაშის რაიონიდან და არიან მაგომედალიევების ნათესავები. აღნიშნული კლანი ლატენტურ დაპირისპირებაშია ალიევის კლანთან. მმართველი ელიტა ყველა დონეზე ახდენს ეთნიკური ხუნძების მაქსიმალური ჩამოშორებას რესპუბლიკის მართვის სადავეებისგან. ლევაშის კლანს და კონკრეტულად ამჟამინდელ პრეზიდენტს ხუნძთა ეთნიკური მთლიანობის დარღვევის მიზნით უკავშირდება დიდოეთის საკიტხის აქტუალიზაცია. ლევაშის კლანი ფლობს უამრავ ლეგალურ და არალეგალურ (აზარტული თამაშებისა და პროსტიტუციის) ბიზნესებს. კლანი კარგ ურთიერთობაშია ოლიგარქ სულეიმან ქერიმოვთან.

ნასრუდინოვის კლანიკლანი ინტერნაციონალურია. მისი ლიდერია მაგომედჰუსეინ ნასრუდინოვი. იგი არის გაზპრომის შვილობილი კომპანიის ”დაგგაზის” მფლობელი. მისი მთავარი მოკავშირეები არიან, დეპუტატი ქერიმ გუსეინოვი და „დაგგაზის“ ყოფილი გენდირექტორი რაფიკ ასლანბეკოვი, რომელიც გუსეინოვის სიძეა. კლანი ცნობილია ეწ ”გაზის ომებით” ხასავიურტის ყოფილ გუბერნატორთან ალხამატოვთან. ”ომის” მიზეზი ენერგეტიკულ სფეროში გავლენების სფეროების გადანაწილება იყო. გარდა გაზის მონოპოლიისა, კლანი სხვა აქტივობით არ გამოირჩევა. პოლიტიკურ ასპარეზზე მაჰომედჰუსეინ ნასრუდინოვი მხარს უჭერს ლევაშის კლანს.

ხუნძების კლანი - ეთნიკური ხუნძებით დაკომპლექტებული კლანი. მისი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია დაღესტნის ყოფილი პრეზიდენტი მუხუ ალიევი. აგრეთვე შეიძლება ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატის მაგომედ მაგომედოვის გამორჩევა. ამჟამად კლანი დასუსტებულია და მისი გავლენების სფეროები მხოლოდ ლოკალურ ბიზნესს უკავშირდება. დაღესტნის დღევანდელ პოლიტიკურ რუკაზე ხუნძების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია ქალაქ ხასავიურტის მერი საიგიდფაშა უმახანოვი. იგი დაპირისპირებულია მმართველ ელიტასთან. მას ხშირად ბრალს სდებენ მეამბოხეთა მფარველობაში. მიუხედავად ამისა, უმახანოვის გავლენა მხოლოდ ხასავიურტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიებით შემოიფარგლება.

სულეიმან ქერიმოვი - ეთნიკური ლეზგი, ცნობილი ოლიგარქი. მის მფლობელობაშია მსხვილი კომპანია ”ნაფტო-გაზი”. იგი ფლობს აქციათა 4,5%-ს გაზპრომში, 6%-ს სბერბანკში, 75%-ს ”პოლიმეტალში”, 25% ”ურალკალიში”. აგრეთვე იგი გახლავთ საფეხბურთო კლუბ ”ანჟის” მფლობელი. ჟურნალ ფორბსის მიხედვით, მას გააჩნია 7,8 მილიარდი დოლარის ქონება და რუსი ოლიგარქების რეიტინგში იგი არის მე-19 ადგილზე. სულიმან ქერიმოვის სახელს უკავშირდება სკანდალური არჩევნები დერბენტში, როცა ქალაქის თავის პოსტზე სულეიმან ქერიმოვის უხეში ჩარევის შედეგად არჩეულიქნა ქაზიმახომედოვი. სულეიმან ქერიმოვის პროტეჟეთა შორის სახელდებიან შემდეგი დეპუტატები: აბდულგამიდ ემირგამზაევი და მისი დისშვილი რუსლან გაჯიევი (”სპრავედლივაია როსია”). ქერიმოვი დაძაბულ ურთიერთობაში იყო დაღესტნის ყოფილ პრეზიდენტთან მუხუ ალიევთან. დღეს იგი მხარს უჭერს მმართველ კლანს. ამჟამად ქერიმოვი დაკავებულია ქველმოქმედებით. განსაკუთრებით დიდი ავტორიტეტი ქერომოვს გააჩნია სამხრეთ დაღესტანში – ლეზგებით და ლეზგიური ჯგუფის ენებზე მოლაპარაკე ხალხებით დასახლებულ რეგიონებში.

ჩეჩნეთის რესპუბლიკა

კადიროვის კლანი - ამ კლანს ხშირად მოიხსენიებენ ცენტეროის კლანის სახელით. თავად რამზან კადიროვი გახლავთ ბენოის თეიპის წარმომადგენელი. მის უახლოეს გარემოცვაში შედის მისი ბიძაშვილი, მარჯვენა ხელად წოდებული ადამ დელიმხანოვი. კადიროვის სანათესაოს ან უახლოესი გარემოცვის ხელში არის ყველა ჩეჩნური ძალოვანი უწყება. სპეცბატალიონ ”სევერის” სათავეში დგას პოლკოვნიკი ალიმბეკ დელიმხანოვი (ადამ დელიმხანოვის ძმა), სპეცბატალიონ ”იუგის” – კაპიტან ანზორ დაუდოვი, ბატალიონ „ზაპადის“ – საიდ-მაგომედ კაკიევი. კადიროვის მშობლიურ სოფელ ცენტეროიში (ყოფილი ხოსი-იურტი) განთავსებულია კადეტთა კორპუსი, სადაც ხდება კადიროვის ნათესავი და თანატეიპელი[1] 14-15 წლის ბავშვების სამხედრო წვრთნა. აგრეთვე, რამზან  კადიროვის კარის ბიზნესმენად სახელდება ოლიგარქი რუსლან ბაისაროვი. კადიროვი კარგ ურთიერთობაშია მსხვილი კაპიტალის მფლობელ ძმებ ბაჟაევებთან. კადიროვის კლანს მონოპოლიზებული ჩეჩნეთში არსებული ყველა მსხვილი ბიზნესი. გარდა ჩეჩნეთისა, კადიროვი აქტიურად ცდილობს გავლენის გაფართოვებას სტავროპოლის ოლქში, მოსკოვში, ინგუშეთსა და დაღესტანში. კადიროვის ძალოვანი უწყებები აქტიურად მოქმედებენ ევროპის იმ ქვეყნებშიც, სადაც არის ჩეჩნური დიასპორა. კადიროვი აქტიურად მისდევს შეიხ კუნტა ჰაჯის სუფიურ თარიკატს და ძალისმიერი გზით ებრძვის არაბეთიდან იმპორტირებულ სალაფიტური (ეწ ვაჰაბიტური) ისლამის ნებისმიერ გამოვლინებას.

იამადაევის კლანი - იგივე გუდერმესის კლანი, რომლის სათავეშიც ძმები იამადაევები იდგნენ. წლების განმავლობაში სულიმ იამადაევი მეთაურობდა კადიროვის მიერ არაკონტროლირებად ГРУ-ს სპეცდანაყოფ ბატალიონ ”ვოსტოკს”. ვოსტოკის მსგავსად არსებობდა ГРУ-ს სპეცბატალიონი ”ზაპადი”, რომელიც დღეს კადიროვს ემირჩილება. ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შემდგომ გამძაფრდა ურთიერთობა რამზან კადიროვსა და იამადაევებს შორის, რაც დასრულდა იამადაევთა ლიკვიდაციით. ამჟამად იამადაევთა კლანი განადგურებულია და არავითარი გავლენა არ გააჩნია ჩეჩნეთში.

ინგუშეთის რესპუბლიკა

მმართველი კლანიაღნიშნულ კლანს ინგუშეთის ამჟამინდელი მმართველი იუნუსბეკ ევკუროვი და მისი გუნდი წარმოადგენს. თავად ევკუროვი გახლავთ ГРУ-ს წიაღში ჩამოყალიბებული კადრი. მის ანგარიშზეა სადესანტო სპეცოპერაცია კოსოვოს ქალაქ პრიშტინაში, რის შედეგადაც მოხდა პრიშტინის აეროპორტის დაკავება. ევკუროვის უახლოეს გარემოცვაში შედიან: მუსა ჩილიევი (ინგუშეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე), უვაის ევკუროვი (ევკუროვის ძმა) და აგრეთვე ოლიგარქი მუსა ქელიგოვი. უვაის ევკუროვი აკონტროლებს ინგუშეთის ნავთობსა და გაზმომარაგებას. მას ხშირად ”უვაისნეფტს” უწოდებენ. გარდა ამისა ევკუროვის კლანს გადანაწილებული აქვს მოსკოვიდან გადარიცხული ტრანშები. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ინგუშეთი ერთერთი ყველაზე დოტაციური რესპუბლიკაა ჩრდილო კავკასიაში, ტრანშების მოცულობა საკმაოდ დიდი უნდა იყოს.

მიხაილ გუცერიევი - ეთნიკური ინგუში ოლიგარქი. დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ლონდონში. ჟურნალ ფორბსის მიხედვით, მისი ქონება შეადგენს 2,5 მილიარდ დოლარს და რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენთა რეიტინგში იმყოფება 38-ე ადგილზე. მის მფლობელობაშია ფირმები ”რუსნეფტი”, ”რუსკი უგოლ”, ”მოსპრომსტროი” და აგრეთვე ბრიტანული კომპანია GCM Global Energy Inc. ახორციელებს ნავთობმოპოვებას აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ტერიტორიაზე. მისი ძმა საით-სალამ გუცერიევი და და დისშვილი მიქაილ შიშხანოვიც მსხვილი ბიზნესმენები არიან. გუცერიევი აქტიურად არის დაკავებული ქველმოქმედებით რუსეთის სხვადასხვა რეგიონში. ინგუშეთში მისი მოღვაწეობა უკავშირდება ყოფილი პრეზიდენტის მურად ზიაზიკოვის წინასაარჩევნო კომპანიის დაფინანსებას. გუცერიევის სახელი ფიგურირებდა ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის რუსეთში არსებული აქტივების შეძენისას. 2010 წლის გაზაფხულზე შედგა გუცერიევისა და იუნუს-ბეკ ევკუროვის სატელეფონო საუბარი, თუმცა დეტალები უცნობია. ამჟამად გუცერიევის ფინანსური პოტენციალი ინგუშეთის ტერიტორიაზე ნაკლებად არის გამოყენებული.

ჩრდილო ოსეთი-ალანიის რესპუბლიკა

მამსუროვის კლანი – ჩრდილო ოსეთის მმართველი კლანი. დიდი ხნის განმავლობაში მამსუროვი ეყრდნობოდა კრიმინალურ ავტორიტეტს თამერლან ძაბიევს (”ტამიკი”), რომელიც 2010 წელს მოკლულიქნა ვლადიკავკაზში. ჩრდილო ოსეთში მამსუროვისა და მისი გარემოცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო არის სპირტის ბიზნესი. მამსუროვთან დაახლოებულ ბიზნესმენთა სიაში შეიძლება ჩაიწეროს ლუდსახარშ ”ბალტიკის” ყოფილი მფლობელი თაიმურაზ ბოლოევი და არყის მაგნატი თაიმურაზ ბოკოევი.  გარკვეული გავლენა მამსუროვს აქვს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. დღევნდელ კოკოითი-თედეევის დაპირისპირებაში მხარს უჭერს ედუარდ კოკოითს და მის კლანს. სერიოზული პოლიტიკური ოპონენტი მამსუროვის გუნდს არ ჰყავს.

ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა

 კანოკოვის კლანიაღნიშნული კლანი გაერთიანებულია საინვესტიციო ჰოლდინგ ”სინდიკას” გარშემო, რომლის დამფუძნებელიც თავად ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ამჟამინდელი მმართველი არსენ კანოკოვია. ”სინდიკაში” შედის რუსეთის მთელ ტერიტორიაზე მიმოფანტული 70-მდე საწარმო. პოლიტიკაში იგი ბიზნესიდან მოვიდა. კანოკოვის გარემოცვაში სახელდებიან კრიმინალური ავტორიტეტები ალისაგ შოგენცუკოვი (”ალიკოსი”), ალბერტ ნაზრანოვი (”ნეგრი”). კანოკოვის მხარდამჭერთა რიცხვში სახელდება აგრეთვე ”აფხაზეთის ომის მოხალისეთა კავშირი” რომლის შემადგენლობაშიცაა კრიმინალური ავტორიტეტი კაზბეკ იახაგოევი (”იახა) და სხვები. კანოკოვის კლანი აგრეთვე აკონტროლებს სამთო-სათხილამურო კურორტებს, რაც ხდება ბალყარელების გაღიზიანების მიზეზი. კანოკოვისადმი ლოიალურობით გამოირჩევა ”მსოფლიოს ჩერქეზთა ასოციაცია” და მისი პრეზიდენტი კაშონბი აჟახოვი.

ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკა

 დერევების კლანიკლანი ეთნიკური ჩერქეზებისგან შედგება. დიდი ხნის განმავლობაში მისი ლიდერი იყო ქალაქ ჩერკესსკის მერი სტანისლავ დერევი, რომელიც 2006 წელს გარდაიცვალა. დერევები გამოირჩევიან ფინანსური სიძლიერითა და ჩერქეზი ნაციონალისტების ლატენტური მხარდაჭერით. მათ მფლობელობაშია ფირმა ”მერკური”, რომელიც შეიცავს საწარმოთა ქსელს მთელი რესპუბლიკის მაშტაბით. დღევანდელ ყარაჩაი-ჩერქეზეთის პოლიტიკურ სპექტრში დერევების როლი მინიმალურია. კლანი დაძაბულ ურთიერთობაშია ყარაჩაულ და ჩერქეზულ კლანებთან.

არაშუკოვების კლანიდერევების კლანის მსგავსად, აღნიშნული კლანიც ჩერქეზებისგან არის შემდგარი. მის სათავეშია რაულ არაშუკოვი. არაშუკოვის მფლობელობაშია შემდეგი ფირმები: ”სტავროპოლკრაიგაზი” (გაზპრომის შვილობილი ფირმა), ”სტავროპოლკარტონი”, ”არტექს-იუგი”, ”ადიუხი”, ”ნედრა-2004” და სხვა. იგი კარგ ურთიერთობაშია ინგუშ ოლიგარქ მიხეილ გუცერიევთან. რესპუბლიკის შიგნით თანამშრომლობენ ლოკალურ თამბიევების კლანთან (ეთნიკური ყარაჩაელები). თავად ა. თამბიევი გახლავთ ”სტავროპოლრეგიონგაზის” მოადგილე. იგი ასევე აბანდებს ინვესტიციებს სოფლის მეურნეობაში.

ხაფსიროკოვების კლანიასევე ეთნიკური ჩერქეზებით დაკომპლექტებული კლანი. მის სათავეშია ნაზირ ხაფსიროკოვი. მან ხელი შეუწყო ყოფილი პრეზიდენტის, მუსტაფა ბატდიევის და მისი კლანის ხელისუფლებაში მოსვლას. კლანი გამოირჩევა დიდი ფინანსური შესაძლებლობებით. ”ხაფსიკის” (ნაზირ ხაფსიროკოვის მეტსახელი) მფლობელობაშია მსხვილი ბანკი ”მაბატექსი” და აგრეთვე სხვა ფირმები, რომლებიც მიმოფანტულია რუსეთის ფედერაციაში. ხაფსიროკოვის კლანი ამჟამად ალიანსშია აიბაზოვების ყარაჩაულ კლანთან. ამ უკანასკნელებს ბრალდება პერსპექტიული ჩერქეზი პოლიტიკოსის, ფრალ შებზუხოვის მკვლელობა. ამჟამად ხაფსიროკოვების კლანი აბანდებს ინვესტიციებს დომბაის სამთო-საკურორტო ზონაში.

ბატდიევის კლანი - კლანი შედგება ეთნიკური ყარაჩაელებისგან. მის სათავეშია ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი მუსტაფა ბადტიევი. ამჟამინდელი პრეზიდენტი რაშიდ თემრეზოვი სწორედ ბატდიევის კლანის წევრად მოიაზრება. კლანი ფლობს სხვადასხვა სახის ბიზნესებს რესპუბლიკის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.

აიბაზოვების კლანიეთნიკური ყარაჩაელები. კლანის სათავეშია რატმირ აიბაზოვი (მეტსახელი ”ციკლოპ”). იგი ფლობდა სამშენებლო ფირმას, რომელიც სხვადასხვა რეგიონებში აშენებდს მსხვილ ობიექტებს. იგი აფინანსებს ყარაჩაულ ფონდ ელბრუსოიდს, რომელიც დაკავებულია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებითა და მიზნად ყარაჩაული კულტურის აღორძინებასა და შენარჩუნებას. აიბაზოვების კლანმა მოახერხე ყარაჩაი-ჩერქეზეთის ერთ-ერთი სატიტულო ეთნოსის, აბაზების კეთილგანწყობის მოპოვება, რაც შემდგომ ჩერქეზულ კლანებთან პოლიტიკური ბრძოლისთვის იქნა გამოყენებული.

ადიღეს რესპუბლიკა

მმართველი კლანიმის სათავეშია ადიღეს რესპუბლიკის ამჟამინდელი მმართველი ასლან თჰაკუშინოვი. ზოგადად ადიღეს რესპუბლიკა დანარჩენი კავკასიური რესპუბლიკებისაგან იმით გამოირჩევა, რომ იქ ნაკლებადაა წარმოდგენილი კლანური სისტემა და იგრძნობა მეტი ინტეგრაცია რუსეთის ფედერაციის სამხრეთ რეგიონებთან, მაგალითად კრასნოდარის ოლქთან. დიდ ზეგავლენას რესპუბლიკაზე კრასნოდარის მხარის ხელისუფლება მისი გამგებლის ალექსანდრ ტკაჩოვის სახით. ადიღეს რესპუბლიკაში ტკაჩოვის პროექტად მოიაზრება რუსული ორგანიზაცია ”სლავიანსკი სოიუზ”, რომელიც ლობირებს ადიღეს რესპუბლიკის მცხოვრები ეთნიკური რუსების ინტერესებს და რესპუბლიკის შეერთებას კრასნოდარის მხარესთან.


[1] ტეიპი – ჩეჩენთა და ინგუშთა გვაროვნულ-ტომობრივი ერთეული

კასტური სისტემა აფხაზურად

Image

ქართულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სპექტრში ფართოდ არის გავრცელებული მითი იმის შესახებ, რომ აფხაზურ პოლიტიკურ ელიტასთან შესაძლებელია კონსტრუქციული დიალოგი და ამ დიალოგის გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თუ არა, სულ მცირე ამ საკითხში მნიშვნელოვანი პროგრესი. თავი რომ გავანებოთ რუსულ ფაქტორს, პირველ რიგში უნდა გავიაზროთ ის, თუ რას წარმოადგენს აფხაზური პოლიტიკური ელიტა და ზოგადად, რისგან შედგება აფხაზური საზოგადოება.

აფხაზური საზოგადოების დიფერენციაციისას უნებლიედ გაგვახსენდა კასტური სისტემა. მეცნიერთა ვარაუდით, კასტური სისტემა ძველი წელთაღრიცხვით 1200-1500 წლებში ინდოეთის სუბკონტინენტზე არიელი ტომების შეჭრის შემდეგ წარმოიშვა. კასტური სისტემა დღესაც დიდ როლს თამაშობს ინდოეთში, თუმცა გლობალიზაციისა და საყოველთაო განვითარების შედეგად, აღნიშნული წყობა სულ უფრო და უფრო იძენს ანაქრონიზმის სახეს. თუმცა, 1993 წელს აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ ინდოეთიდან ათი ათასობით კილომეტრით დაშორებულ რეგიონში ყალიბდება მკაფიოდ ჩამოყალიბებული კასტური სისტემა. კასტებად დიფერენცირებას საფუძვლად ეთნიკური ნიშანი უდევს და მათ შორის დამყარებულია მკაცრი იერარქია. წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:

მეომართა კასტა – ოკუპირებული რეგიონის მმართველი ელიტა. ამ კასტას წარმოადგენენ ეთნიკური აფხაზები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი აფხაზეთის მოსახლეობის 50%-ზე ნაკლები არიან, მათ ხელშია ეწ „აღმასრულებელი“, „სასამართლო“ და „საკანონმდებლო ხელისუფლება“, ყველა „ძალოვანი“ უწყება და სხვა საკვანძო „სამინისტრო“. ისინი იყოფიან ორ სუბეთნო-კლანურ ჯგუფად – გუდაუთელები (ბზიფურ დიალექტზე მოსაუბრეები) და ოჩამჩირელები (აბჟუურ დიალექტზე მოსაუბრენი). მათ შორის არსებობს ეწ „პრეზიდენტთა“ როტაციის დაუწერელი კანონი (არძინბა გუდაუთელი, ბაღაფში ოჩამჩირელი, ანქვაბი გუდაუთელი). ამ ორ კლანს შორის ასევე გადანაწილებულია ბიზნეს აქტივებიც. ყველა სხვა კასტისგან განსხვავებით, აფხაზებს გააჩნიათ ერთგვარი დაუწერელი კანონების კოდექსი სახელწოდებით აფსუარა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დროს განიცადა გარკვეული ტრანსფორმაცია და ქურდული მენტალიტეტის ბევრი კომპონენტიც შეითვისა.

ვაჭართა კასტა – აფხაზეთის ეთნოკრატიულ იერარქიაში რანგით მეორე კასტას აფხაზეთში მცხოვრები სომხები წარმოადგენენ. აფხაზეთის ეწ „დამოუკიდებლობის“ და ქართულ მხარესთან შეურიგებლობის საკითხში აფხაზეთის სომხები სრულიად იზიარებენ აფხაზთა პოზიციას. მათ შორის არსებობს ერთგვარი დაუწერელი ჯენტლმენური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სომხები ხელს უწყობენ აფხაზეთის „სუვერენიტეტის“ განმტკიცებას, სამაგიეროდ აფხაზები არ ეხებიან სომეხთა ბიზნეს აქტივებს, ეს აქტივები კი საკმაოდ დიდია ისეთ ტურისტულ ზონებში, როგორიცაა გაგრა, ეშერა, ბიჭვინთა და სხვა.

მიწათმოქმედთა კასტა – ამ კასტაში შედიან ისტორიული სამურზაყანოს (გალის მუნიციპალიტეტი და ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდინარე ღალიძგამდე) მკვიდრი ქართველები. აღნიშნული კლასი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძირითადად თავს ირჩენს თხილის ბიზნესით, თუმცა აფხაზეთში გაბატონებული ერთ-ერთი დაუწერელი კანონის თანახმად, ყოველწლიური მოგებიდან მათ გარკვეული პროცენტი უნდა გადაუხადონ აფხაზ ძალოვნებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს. სოხუმის რეჟიმი დღემდე უშედეგოდ ცდილობს სამურზაყანოელ ქართველთა სეპარაციას დანარჩენი ქართველებისგან. ეს გამოიხატება მათი მეგრელების (мингрельцы) სახით თვითგამორკვევაში. სამურზაყანოელი ქართველები ფაქტიურად უუფლებოები არიან. იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის არავინ  არ არის დასაქმებული საჯარო სამსახურში. ამ კასტიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა არის ასიმილაცია და გააფხაზება. როგორც წესი, გააფხაზებული ქართველი მმართველ კასტაში მოხვედრისას გამოირჩევა დიდი აგრესიით მის ყოფილ თანამემამულეთა მიმართ.

უუფლებოთა კასტა – სამურზაყანოელი ქართველებისგან განსხვავებით, აღნიშნულ სოციალურ ჯგუფს არავითარი ნიშა არ გააჩნია. ამ კასტაში ეთნიკური რუსები (საოკუპაციო ბაზის პერსონალი და სპეცსამსახურების მუშაკები არ იგულისხმებიან), ბერძნები, ესტონელები და სამურზაყანოს გარეთ კანტი-კუნტად დარჩენილი ქართველები. ამ ჩამონათვალს შეიძლება მივაკუთვნოთ არც თუ ისე მრავალრიცხვოვანი დედასამშობლოში რეპატრიირებული თურქეთის აფხაზები. მართალია, სოხუმის რეჟიმი თანამემამულეთა რეპატრიაციას ერთ-ერთ საკვანძო საკითხად მიიჩნევს, თუმცა პრაქტიკაში კი ისინი ხშირად ხდებიან ადგილობრივი აფხაზების მხრიდან რეკეტის მსხვერპლი. იგივე შეიძლება ითქვას დანარჩენ მცირე ეთნიკურ ჯგუფებზეც.

ამ რთული ეთნოკრატიული მოზაიკის ფონზე, განსაკუთრებული ადგილი უკავია საგარეო პოლიტიკას. მკაფიოდ ჩამოყალიბებულია წარმოდგენა საგარეო მტერსა და მეგობარზე. მტრად მიჩნეულია საქართველო და ყველა ის სახელმწიფო, რომელიც იზიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, საერთაშორისო კანონმდებლობაც აფხაზური საზოგადოებისათვის მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ქართველ დევნილთა რეპატრიაციის საკითხს ეხება. საქართველოს მიმართებაში სახეზეა ცივი ომი და ქართველი კანონიერი ქურდების გარდა, საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიების ყველა სხვა მცხოვრებთათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა პრაქტიკულად გამორიცხულია. რაც შეეხება მეგობარს, მასში რუსეთის ფედერაცია მოიაზრება. თვითონ „მეგობრობის“ ცნებაც საკმაოდ სპეციფიკურია. აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ორი მსხვილი სამხედრო ბაზაა განლაგებულ. რუსული ოლიგარქიული კაპიტალი და რუსული სპეცსამსახურები რეგიონში დაუბრკოლებლად შემოედინება. სამაგიეროდ აფხაზურ მმართველ ელიტას გააჩნია სრული კარტ ბლანში შიდა პოლიტიკაში. მეტიც, აფხაზი კრიმინალებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს რუსი ტურისტებისა და მცირე ინვესტორების დაყაჩაღება და რეკეტი. ამ პარადოქსულ ვითარებას შეიძლება ეწოდოს საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე ჩამოყალიბებული ცალმხრივი კოჰაბიტაცია.

ამ რეალობის შემხედვარე, ისმის კითხვა, რამდენად არის შესაძლებელი ენგურს გაღმელთა და გამოღმელთა შორის საზოგადოებრივი და ელიტებსშორისი დიალოგი? მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ შორსაა სრულფასოვან დემოკრატიულ საზოგადოებად ქცევისგან, იგი ბევრად წინაა სოხუმის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის საზოგადოებაზე. იმისთვის, რათა შედგეს პროდუქტიული დიალოგი, საჭიროა ორივე საზოგადოების განვითარების თანაბარი დონე, ამისთვის კი ტრანსფორმაციაა საჭირო. თუმცა ჩვენ ტრანსფორმაციის ორი მიმართულება გვესახება. ან აფხაზური საზოგადოება ეთნოკრატიული კასტური სისტემისგან იქცევა სრულფასოვან სამოქალაქო საზოგადოებად, ეზიარება დემოკრატიას, სიტყვის თავისუფებას, ტოლერანტობას და დანარჩენ საქართველოსთან ერთად ინტეგრირდება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და სხვა წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებში, ან ქართული საზოგადოება ზურგს აქცევს ზემოთხსენებულ ღირებულებებს, ეზიარება პუტინ-სურკოვის მიერ შემუშავებულ ეწ „სუვერენულ დემოკრატიას“ და აფხაზებთან ერთად შევა ევრაზიულ კავშირში, სადაც გაგრძელდება თანაცხოვრება ისე, როგორც ძველი კომუნალური ბინის (ეწ комуналка) ორ მეზობელს შორის.

მანამდე კი, ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გააგრძელონ აფხაზეთში კონსტრუქციული პარტნიორების ძიება, ხოლო ქართულმა სახელმწიფომ კი გააგრძელოს მუშაობა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით.  

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები – არსებული მდგომარეობა და რეინტეგრაციის პერსპექტივები

Image

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ინკორპორაცია საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში ყველა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული საზრუნავი იყო. სამწუხაროდ, ყოველი ასეთი მცდელობა წარუმატებელი იყო და დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა დეზინტეგრაცია ოკუპირებულ რეგიონებსა და საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილებს შორის.

ახალმა ხელისუფლებამ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში საკუთარი ხედვა წარმოადგინა. აღნიშნული ხედვა ყველაზე უფრო თვალნათლივ ჩანს ამჟამინდელი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის ბოლო წლების პუბლიკაციებსა და ინტერვიუებში. შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგი ძირითადი პოსტულატები:

1. ოკუპირებულ და არაოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეთა შორის დეზინტეგრაციული პროცესები განპირობებულია წინა ხელისუფლების ხისტი პოზიციითა და არაკონსტუქციული რიტორიკით.
2. კონფლიქტის გადაწყვეტა შესაძლებელია ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტულ ხელისუფლებებთან პირდაპირი დიალოგის დამყარების გზით.
3. მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესებში რაიმე პროგრესის მისაღწევად, საქართველო უნდა წავიდეს კომპრომისზე სეპარატისტულ მხარეებთან. კერძოდ, ეს კომპრომისები გამოიხატება სეპარატისტული რეჟიმებისთვის გარკვეული შეზღუდვების (საერთაშორისო ემბარგო, გადაადგილების შეზღუდვა…) მოხსნასა და იურიდიულ ლეგიტიმაციაში (საოკუპაციო რეჟიმების მხარეებად აღიარება, ე.წ. აფხაზური და ოსური პასპორტების გათანაბრება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან და სხვა).
4. აუცილებელია რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან მუდმივი კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში ყოფნა.
5. კონფლიქტების მოგვარების ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელი მიდგომა.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ მოსვლის პირველი დღიდან განსაზღვრა კონფლიქტებში რუსეთის როლი და დაიწყო მასთან საუბარი არა როგორც მედიატორთან, არამედ როგორც კონფლიქტის მხარესთან. საქართველოს ხელისუფლების უკომპრომისო პოზიციამ ასევე განაპირობა სეპარატისტული რეჟიმების დიპლომატიური მარგინალიზაცია და მსოფლიოს ყველა ცივილიზებული სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის წარმართვა. ერთადერთი, რაშიც ყოფილი ხელისუფლების შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს, არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ რუსული ჯარისთვის მშვიდობისმყოფელის სტატუსის გაუქმებისა და ტერიტორიების ოკუპირებულად ცნობის 5 წლით დაგვიანება.

რაც შეეხება სეპარატისტულ რეჟიმებთან რაიმე სახის დიალოგს, უნდა გვახსოვდეს, რომ მარიონეტული რეჟიმის ლიდერები თავიდენ ბოლომდე დამოკიდებული არიან რუსეთის ხელისუფლებაზე და ისინი არასდროს გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რომელიც ოდნავ მაინც მოდის წინააღმდეგობაში რუსეთის საგარეო ინტერესებთან. აქედან გამომდინარე, სეპარატისტულ რეჟიმებთან რაიმე სახის კონსტრუქციული და საქართველოსათვის სასარგებლო შეთანხმება დღევანდელი პოლიტიკური კონიუქტურის გათვალისწინებით, პრაქტიკულად გამორიცხულია.

ცალკე განხილვის თემაა შესაძლო ცალმხრივი დათმობები საქართველოს მხრიდან. სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმები წლებია მოითხოვენ მათთვის დაწესებული გარკვეული შეზღუდვების მოხსნას. მოთხოვნათა შორის არის: სოხუმი-ტრაპიზონის საზღვაო მიმოსვლის აღდგენა, ოკუპირებული რეგიონებისთვის ეკონომიკური ემბარგოს მოხსნა, ფსოუსა და როკის საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა და მარიონეტული რეჟიმების კონფლიქტების მხარეებად აღიარება.

დღევანდელ პირობებში ამ მოთხოვნათაგან თუნდაც ერთის შესრულება საქართველოსათვის დამღუპველი იქნება. სოხუმი-ტრაბზონის საზღვაო მიმოსვლის აღდგენა საქართველოს გვერდის ავლით გამოიწვევს უკონტროლო ტვირთბრუნვას და მარიონეტულ რეჟიმს მისცემს საშუალებას გაიმყაროს საკუთარი პოზიციები თურქეთის რესპუბლიკაში. თურქეთში არსებული აფხაზური ლობის ფონზე, აღნიშნული გადაწყვეტილება ახალ თავის ტკივილს გაუჩენს ქართულ სახელმწიფოს. ოკუპირებული რეგიონებისთვის ემბარგოს მოხსნა ასევე გამოიწვევს რუსული ოლიგარქიული კაპიტალის უკონტროლო შემოდინებას, ქართველ დევნილთა ქონების კიდევ უფრო მასიურ მითვისებასა და საბოლოოდ ამ ყველაფრის იურიდიულ დაკანონებას.

ფსოუსა და როკის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უცხოეთის მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზრუდვის მოხსნა, ამ პუნქტების ლეგალიზაციის ტოლფასი იქნება. თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არ უშლის ხელს ადამიანთა შორის ჰუმანიტარულ კავშირების დამყარებას. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს ძირითადად სამხრეთ რუსეთსა და ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები სტუმრობენ და მათ როგორც წესი, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე პასპორტებში „საზღვრის“ გადაკვეთის შტამპს არ ურტყავენ, რაც მათ შემდგომ ხელს არ უშლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაში. ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით  ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ჰუმანიტარულ პროექტებს ახორციელებენ, ასევე არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა.

რაც შეეხება ცეცხლის განუახლებლობის შეთანხმებასა და სეპარატისტების კონფლიქტის მხარეებად ცნობას, ეს ნაბიჯი იქნება სეპარატისტების საერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვანი წინაპირობა. აგრეთვე, აღნიშნული გადაწყვეტილება დააბრუნებს და დააკანონებს ისევ ძველ კონფიგურაციას, როდესაც ქართული, ოსური და აფხაზური მხარეები მიიჩნეოდა კონფლიქტის მხარეებად, ხოლო რუსეთი კი მედიატორად. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაიაზროს, რომ კონფლიქტის მხარე არის რუსეთი და მხოლოდ მასთან შეიძლება ცეცხლის განუახლებლობის ან თავდაუსხმელობის დოკუმენტზე ხელის მოწერა. უნდა აღინიშნოს, რომ წინა ხელისუფლება სთავაზობდა რუსეთის ფედერაციას მსგავსი ტიპის დოკუმენტზე ხელის მოწერას, თუმცა რუსული მხარე ამ წინადადებას ყოველთვის მტკიცე უარით პასუხობდა.

უპერსპექტივოა ასევე აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ეწ „პასპორტების“ ლეგალიზაციის საკითხიც. საქართველოს მხარისთვის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი არის ამ რეგიონში მცხოვრებ პირთა სრული მონაცემთა ბაზის უქონლობა და ალბათობა იმისა, რომ ცხინვალის და სოხუმის რეჟიმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადასცემენ მონაცემთა ბაზას არის ნულის ტოლი.

ბოლო დროს ასევე მუსირებს აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის სარკინიგზო კორიდორის გახსნის საკითხი. ამგვარი კორიდორის გახსნას თავად სეპარატისტთა ლიდერებიც კი არ ეთანხმებიან, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯისკენ აქტიურად მოუწოდებენ კრემლის პოზიციების გამხმოვანებელი ექსპერტები, ისეთები როგორც ანდრეი ეპიფანცევი. ვიდრე ამ ნაბიჯის გადადგმაზე დავიწყებდეთ ფიქრს, უნდა გვახსოვდეს, რომ სარკინიგზო კორიდორით ვერ ისარგებლებენ ვერც ქართველი დევნილები და არც აფხაზებს მიეცემათ საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება. სარკინიგზო მიმოსვლით პირველ რიგში ისარგებლებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომელიც აღდგენილ სარკინიგზო ხაზს სომხეთში მდებარე გიუმრის სამხედრო ბაზის ლოჯისტიკური მომარაგებისთვის გამოიყენებს. ეს ნაბიჯი არა მარტო საქართველოს, არამედ მისი სტრატეგიული პარტნიორების, აზერბაიჯანისა და თურქეთის ინტერესებს შელახავს და საქართველოს იზოლაციის საშიშროების წინაშე დააყენებს.

ცალკე უნდა აღინიშნოს ერთი ძალიან სახიფათო ტენდენცია. ბოლო დროს, საექსპერტო საზოგადოებაში მუსირებს კონფედერაციის საკითხი. კონფედერაცია მოიცავს საქართველოს, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის სამი თანაბარი სტატუსის მქონე სუბიექტის ერთ სახელმწიფოში გაერთიანებას. ჯერჯერობით ამგვარი წინადადება არ განხილულა ოფიციალურ დონეზე, თუმცა მან დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით ნაკლებად არის ინფორმირებული. გვსურს აღვნიშნოთ, რომ კონფედერაცია არის სახელმწიფოს მოწყობის ისეთი მოდელი, როდესაც ნებისმიერ მის სუბიექტს გააჩნია კონფედერაციიდან გასვლის კონსტიტუციური უფლება. ამგვარი მოდელის მორგებით სეპარატისტულ რეგიონებს მიეცემათ შანსი ნებისმიერ დროს დატოვონ კონფედერაცია და ოფიციალურად იქცნენ გაეროს წევრ სახელმწიფოებად.

მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის ფაქტორი და მისი ინტერესები ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. რუსეთის ინტერესები კარგად ჩანს მისი ამჟამინდელი პრეზიდენტის,  ვლადიმერ პუტინის საინაუგურაციო ტექსტში, სადაც მან სეპარატისტული რეგიონების აღიარების საკითხი რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. ახლადარჩეული პუტინის ერთ-ერთი პირველი ვიზიტიც, სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შედგა. რა განაპირობებს რუსეთის ასეთ დიდ ინტერესს? საქმე შავი ზღვის აუზისა და კავკასიის რეგიონის გაკონტროლების სურვილშია. აფხაზეთის სანაპირო ზოლი, რომელიც ზამთარში არ იყინება, შესაძლებლობას იძლევა მის აკვატორიაში არსებული პორტებში სამხედრო ფლოტის გარკვეული რაოდენობით განლაგებას. აგრეთვე, აფხაზეთში მდებარეობს სტრატეგიული ქლუხორის უღელტეხილი, რომელიც საგრძნობლად ამცირებს მანძილს შავ ზღვასა და რუსეთის სამხრეთ რეგიონებს შორის.

ცხინვალის რეგიონიც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ფორტპოსტია, რომელიც მდებარეობს სამხრეთ კავკასიაში და მის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ საჯარისო ნაწილებს საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ სომხეთისკენ „ჰუმანიტარული“ კორიდორის გაჭრა. ბუნებრივია, რუსეთის ხელისუფლება რაიმე ზეწოლის გარეშე ამ სტრატეგიულ უპირატესობაზე უარს არ იტყვის. შესაბამისად, მისი მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებით რაიმე სახის დათმობა გამორიცხულია. სამაგიეროდ, რუსეთის ფედერაცია მაქსიმალურად შეეცდება საქართველოს დაყოლიებას არაღიარების პოლიტიკის შეჩერებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე აპელირების შეწყვეტაზე. ყველაფერი ეს გამოიწვევს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ინტერესის კლებას, რაც საქართველოს პირისპირ დატოვებს მის არაპროგნოზირებად ჩრდილოელ მეზობელთან.

და ბოლოს, არის თუ არა წარმატებული ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების მიდგომა კონფლიქტების დარეგულირების  საქმეში? 90-იან წლებში ოკუპირებულ აფხაზეთთან ყოველგვარი კონტაქტი იყო მინიმალური. გალის რაიონის მკვიდრების გარდა ვერავინ ვერ ახერხებდა აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლას და პირიქით. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად სოფელ ერგნეთში არსებობდა დიდი სამომხმარებლო ბაზრობა. სწორედ ერგნეთის ბაზრობას მიიჩნევენ ქართულ-ოსური ურთიერთობების დარეგულირების იდეალურ ნიმუშად. თუმცა რა ხდებოდა რეალურად ერგნეთის ბაზრობაზე? ანგარიშსწორება ხდებოდა არა ეროვნულ ვალუტაში, არამედ რუსულ რუბლში, იყიდებოდა რუსული კონტრაბანდული პროდუქცია, რაც აზარალებდა ადგილობრივ მეწარმეებს, ხდებოდა ნარკოტიკითა და იარაღით უკანონო ვაჭრობა. ამ ვითარებაში ხდებოდა არა ქართველი და ოსი ხალხების დაახლოება, არამედ ქართველი კორუმპირებული ჩინოსნების, ოსი სეპარატისტების, რუსი ეწ „მშვიდობისმყოფელების“, ნარკოგამსაღებლებისა და კანონიერი ქურდების ინტერესთა გადაკვეთა. მეტიც, ერგნეთის ბაზრობა აძლევდა რუსულ სპეცსამსახურებს უნიკალურ ასპარეზს საქართველოს მოქალაქეების გადმობირებისთვის და შემდგომ საქართველოს ტერიტორიაზე აგენტურული ქსელების გაფართოებისთვის. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ იმდროინდელი ცხინვალის რეჟიმის ლიდერი ლუდოვიკ ჩიბიროვი ემხრობოდა ცხინვალის რეგიონის საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სახით არსებობას. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შევარდნაძის მიდგომების გამოყენება დღევანდელ რეალობაში რბილად რომ ვთქვათ, უადგილოა.

უადგილოა, თუნდაც იმ ადამიანთა შორის ჰუმანიტარული კავშირების ფონზე, რომელიც დღეს არსებობს. კერძოდ, კონფლიქტური ზონის უამრავმა მაცხოვრებელმა (მათ შორის არაერთმა საჯარო მოხელემ და მმართველ ელიტასთან დაახლოებული პირმა) თბილისის და სხვა ქალაქების საავადმყოფოებში გაიარა სხვადასხვა სახის მკურნალობის კურსი, მრავალი აფხაზი და ოსი ვაჭარი და გადამყიდველი სტუმრობს ლილოს ბაზრობას და ბითუმად ყიდულობს სხვადასხვა სახის საქონელს, ასევე ბოლო წლებში აფხაზთა და ოსთა მხრიდან გახშირდა ავტომანქანების მასიური შესყიდვა რუსთავის ავტობაზრობაზე. აფხაზური მედიის მიხედვით, აფხაზეთის ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიებიდან შედის. აფხაზთა და ოსთა გარკვეულმა ნაწილმა აიღო ეწ ნეიტრალური პასპორტი და ასეთ პირთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.  აღსანიშნავია აგრეთვე ქართულ-აფხაზური თანამშრომლობის ისეთი მაგალითი, როგორიცაა ენგურჰესი. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არის აფხაზი ახალგაზრდების მონაწილეობა ქართველოს არაოკუპირებულ ნაწილზე ჩატარებულ სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებაში (მაგალითად 2012 წლის ოქტომბერს მსგავსი ღონისძიება ქალაქ ანაკლიაში ჩაატარა ჩერქეზულმა კულტურის ცენტრმა და მას დაესწრო 10-მდე აფხაზი). შეიძლება თამამად ითქვას, რომ აფხაზეთის ომის შემდეგ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების მაცხოვრებლებთან ყველაზე მეტი კავშირები სწორედ 2011-12 წლებში იყო.

ყველა ზემოთხსენებული პრობლემის ფონზე იბადება ლოგიკური შეკითხვა: რა უნდა გააკეთოს საქართველოს სახელმწიფომ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თუ არა მისი არსებული სახით კონსერვაციისთვის? ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი სუბიექტური ხედვა გაგვაჩნია. ჩვენი აზრით, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ აქცენტი უნდა გააკეთოს შემდეგ საკითხებზე:

1. საქართველომ უნდა გააგრძელოს არაღიარების პოლიტიკა, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთოს აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და ოკეანეთის სახელმწიფოებზე. აგრეთვე საქართველომ არავითარი კორექტირება არ უნდა შეიტანოს ოკუპაციის შესახებ კანონში.
2. საქართველოს დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა დაიწყოს მოლაპარაკება თურქეთის რესპუბლიკასთან აფხაზეთში მცხოვრებ პირთა  საქართველოს გვერდის ავლით თურქეთში ვიზიტების აღკვეთის თაობაზე.
3. ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გააგრძელონ და გააძლიერონ მუშაობა საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე რეგიონებში. კერძოდ, მათ უნდა აღკვეთონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დივერსანტთა და ტერორისტთა შემოსვლა.
4. საქართველომ უნდა გააგრძელოს კონფლიქტის ზონასთან მიმდებარე რეგიონების (ზუგდიდის, წალენჯიხის, ხობის, მესტიის, ონის, საჩხერის, ჭიათურის, ქარელის, გორის, ხაშურის, კასპის, დუშეთის, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტების) ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ინვესტიციებისნ მოზიდვა. ამ კუთხით ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს ქალაქ ლაზიკის მშენებლობას.
5. უნდა გაძლიერდეს მუშაობა ჩერქეზებსა და აბაზებზე და მათი შუამავლობიტთ მოხდეს აფხაზურ სამოქალაქო საზოგადოებასთან კავშირების დამყარება.
6. უნდა მოხდეს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის რეფორმა და მისი ტრანსფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ და არაოკუპირებულ ნაწილებში, ჩრდილო ოსეთში და მსოფლიოს სხვა წერტილებში მცხოვრებ ოსებთან კულტურული, სამეცნიერო და სხვა სახის ჰუმანიტარული ურთიერთობების დამამყარებელ ორგანიზაციად.
7. აუცილებელია ქართული დიასპორისა და დიპლომატიური კორპუსის აქტიური მონაწილეობით, თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ აფხაზებთან და მათ სათვისტომოებთან ახლო ურთიერთობების დამყარება.
8. საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით ოკუპირებულ რეგიონებში დემოკრატიის, ტოლერანტობის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ქართულ, აფხაზურ და ოსურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის დიალოგისა და მათი თუნდაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვედრების ხელშეწყობა.

 

მიუხედავად ამ ყველაფრისა, არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ გეოპოლიტიკური ძვრებისა და რუსეთის ფუნდამენტალური ცვლილების გარეშე შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ცვლილება კი მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო პოზიციებზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, სამომავლოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვაკუუმის სრულფასოვნად შესავსებად, აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარება. მანამდე კი, საქართველოს უნდა მართებდეს სტრატეგიული მოთმინება, რაც არსებული იურიდიული ბერკეტების შენარჩუნებით უნდა გამოიხატოს.

საქართველოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა ხელისუფლების ცვლილების ფონზე

Image

ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა საქართველოს რეგიონალური პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღნიშნული პოლიტიკის გატარებისას, საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით საქმე ჰქონდა არა სუვერენულ სახელმწიფოებთან, არამედ რუსეთის ფედერაციაში შემავალ სუბიექტებთან. მდგომარეობას ართულებდა რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონა და ამ სახელმწიფოს მიერ დამყარებული რკინის ფარდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველომ მოახერხა წარმატებული ნაბიჯების გადადგმა, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რეგიონში საქართველოს ავტორიტეტის ამაღლებასა და ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან დაახლოებას.

2008 წლამდე საქართველო გამოძევებული იყო ჩრდილო კავკასიის საინფორმაციო, პოლიტიკურ და კულტურული სივრციდან. რუსული მასმედიის მეშვეობით ხორციელდებოდა საქართველოს შავი პიარი და ჩრდილო კავკასიის მოსახლეობაში საქართველოს ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენა. ამ ყველაფრის პიკი 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია იყო, როდესაც ცალკეული პირების გარდა, ჩრდილო კავკასიის თითქმის ყველა საზოგადოებრივმა ფენამ ცალსახად დადებითად შეაფასა რუსეთის ხელისუფლებისა და მარიონეტული რეჟიმების ქმედება. ყველაფერმა ამან საქართველოს წინა ხელისუფლება კავკასიური პოლიტიკის აუცილებლობაში დაარწმუნა.

საქართველოს ხელისუფლების მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წარმოებული ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა დაწყებისთანავე მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა ოპოზიციური ძალების მხრიდან. ხელისუფლებას ძირითადად რუსეთის გაღიზიანებასა და ცეცხლთან თამაშში ადანაშაულებდნენ. შედარებით ოდიოზური ფიგურები კი საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერაზეც საუბრობდნენ. თვით საქართველოს დასავლელი პარტნიორების ერთი ნაწილიც კი საქართველოს ამ ნაბიჯებისადმი სკეპტიკურად იყო განწყობილი. საქართველოს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, უცნობია ახალი ხელისუფლების დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრთა არაერთგვაროვანი კომენტარები ჩრდილო კავკასიასთან დაკავშირებით არ გვაძლევენ მკაფიო სურათის დანახვის საშუალებას.

ვიდრე უშუალოდ სამომავლო პერსპექტივებზე გადავიდოდით, განვიხილოთ საქართველოს მიერ გადადგმული ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩრდილო-კავკასიის მიმართულებით:

  1. „კავკასიური ფონდის“ შექმნა – ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგა ცნობილი არქეოლოგი – გივი ღამბაშიძე. „კავკასიური ფონდის“ მეშვეობით განახლდა კავშირები ქართულ და ჩრდილოკავკასიურ აკადემიურ წრეებს შორის.
  2. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის შექმნა – ამ ნაბიჯით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში კავკასიური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ლობი შეიქმნა.
  3. თბილისში ილიას უნივერსიტეტისა და ჯეიმთაუნის ფონდის (აშშ) მიერ ორი საერთაშორისო კონფერენციის სახელწოდებით „უცნობი ერები, უწყვეტი დანაშაული“ ჩატარება – ხსენებულ კონფერენციებზე პირველად მოხდა ჩერქეზთა და ჩეჩენთა გენოციდის აღიარების საკითხის დაყენება. აგრეთვე კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს წამყვანმა კავკასიოლოგებმა.
  4. ტელეკომპანია „პირველი კავკასიურის“ (პიკ) შექმნა – ამ ტელეარხის მეშვეობით ჩრდილოკავკასიაში მცხოვრებ ხალხებს გაუჩნდათ ალტერნატიული საინფორმაციო წყარო, სადაც ხდებოდა რეგიონში მიმდინარე მოვლენების ობიექტური გაშუქება.
  5. ჩრდილო კავკასისს რესპუბლიკებში მცხოვრებ პირთათვის უვიზო რეჟიმის შემოღება – ამ ნაბიჯით ასი ათასობით ჩრდილოკავკასიელმა ვიზიტორმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და გაუმარტივდათ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ტრანზიტი.
  6. საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზი ერის გენოციდის აღიარება – თითქმის ორწლიანი მუშაობის შემდეგ, საქართველო გახდა მსოფლიოს ისტორიაში პირველი სახელმწიფო, რომელმაც ოფიციალურად სცნო ჩერქეზი ერის გენოციდი, რამაც მკვეთრად გაზარდა საქართველოს ავტორიტეტი ჩერქეზ ხალში.
  7. ჩერქეზული კულტურის ცენტრის გახსნა თბილისში – ჩერქეზთა გენოციდის აღიარების ლოგიკური გაგრძელება. ცენტრმა ჩაატარა ათობით ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიება, ჩამოიყვანა საქართველოში უამრავი ჩერქეზი, აბაზი და აფხაზი და კიდევ უფრო გაამყარა ქართულ-ჩერქეზული ურთიერთობები.
  8. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ – საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და საერთაშორისო სამართალზე დამყარებული დაგვიანებული, თუმცა აუცილებელი კონცეფტუალური ხედვა ჩრდილოკავკასიური პოლიტიკისა.

ყველა ამ ნაბიჯების შედეგად, მკვეთრად გაიზარდა საქართველოსა და ქართველი ხალხის ავტორიტეტი ჩრდილო კავკასიაში, გაძლიერდა ადამიანთა შორის კავშირები. ყოველდღე ასობით ჩრდილოკავკასიელი სტუმრობს საქართველოს, 90-იანი წლების შემდეგ პირველად საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ ჩრდილოკავკასიელი სტუდენტები,  გაჩნდა პირველი ჩრდილოკავკასიური ინვესტიციები და სხვა მრავალი. ბუნებრივია, ამ მიღწევათა განიავება არ უნდა შედიოდეს ახალი ხელისუფლების ინტერესებში.

ამ ნაბიჯების ფონზე, საქართველოს ახალ ხელისუფლებას საკმაოდ ვრცელი და მდიდარი მემკვიდრეობა დახვდა. ახალ ხელისუფლებას კავკასიური პოლიტიკის გავრცობისა და გაძლიერების საკმაოდ კარგი შანსები გააჩნია. ჩვენი აზრით, უნდა გაგრძელდეს მუშაობა შემდეგ მიმართულებებზე:

  1. ჩეჩენთა, ინგუშთა და ყარაჩაელ-ბალყარელთა ეთნოწმენდის და გენოციდის საკითხების აქტიური განხილვა და შესწავლა ქართულ და საერთაშორისო აკადემიური წრეების მიერ.
  2. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ქართველ და ჩრდილოკავკასიელ სტუდენტთათვის გაცვლითი პროგრამების შექმნა.
  3. ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების ხელისუფლებებთან პირდაპირი ურთიერთობების დამყარება. 
  4. ჩერქეზული მიმართულების გაძლიერება და მათი შუამდგომლობით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზებთან კულტურული კავშირების დამყარება.
  5. ევროპაში, თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოკავკასიურ დიასპორებთან კავშირების გაღრმავება და ამ პროცესებში ქართული დიასპორისა და დიპლომატიური კორპუსის აქტიური ჩართვა.
  6. საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის დიდ ქალაქებს შორის საავტობუსო მიმოსვლის აღდგენა.
  7. ჩრდილო კავკასიაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელშეწყობა.
  8. საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთან ერთობლივად მექაში მიმავალ ჩრდილოკავკასიელ პილიგრიმთა საქართველოს გავლით ორგანიზებული გადასვლის უზრუნველყოფა.
  9. ევროპარლამენტის მსგავსად, საქართველოს პარლამენტში ყოველკვარტალური ჩრდილო კავკასიელ ხალხთა (ჩეჩენთ-ინგუშთა, დაღესტნელთა, ჩერქეზთა და ყარაჩაი-ბალყარელთა) დღის დაწესება, სადაც აღნიშნული ხალხების საზოგადოებრივი მიღვაწეებს საქართველოს პარლამენტის დარბაზში მიეცემათ საკუთარი ხალხის აქტუალურ პრობლემებზე საუბრის საშუალება.
  10. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში კავკასიოლოგიის დარგის განვითარება და მისი პრიორიტეტულ დარგად გამოცხადება.

 

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხებზე მუშაობა იქნება, კავკასიური პოლიტიკის გაგრძელების ყველაზე კომპრომისული გზა, რომელიც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩრდილო კავკასიას შორის მრავალმხრივ კავშირების გაფართოებას, მეორესმხრივ კი რუსეთის ხელისუფლებას არ მისცემს გაღიზიანების იურიდიულ საბაბს. და რაც მთავარია, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ არ უნდა გაიმეოროს შევარდნაძის ხელისუფლების შეცდომა და რუსეთთან რაიმე კომპრომისის სანაცვლოდ არ შეაჩეროს კავკასიური პოლიტიკა, ვინაიდან უახლესი ისტორიის მაგალითების მოხმობით, კარგად ჩანს, რომ ასეთი „კომპრომისების“ შედეგად საქართველო ყოველთვის მოტყუებული და წაგებული რჩებოდა. ამ ყველაფრის პრევენციისთვის, საქართველოს, როგორც კავკასიის რეგიონის ორგანულ და განუყოფილ ნაწილს აუცილებლად უნდა გააჩნდეს ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული მშვიდობიანი კავკასიური პოლიტიკა.